Accessibility links

site logo site logo

რატიანი განმარტავს მეგი ბაქრაძის ფილტვების მდგომარეობის შესაძლო მიზეზებს


ლევან რატიანი

28 წლის ახალციხელი მედდის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების თემაზე გამართულ პრესკონფერენციაზე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა უპასუხა სოციალურ ქსელში გაჩენილ შეკითხვას, ჰქონდა თუ არა პაციენტს ანემია.

„პაციენტს ჩვენს კლინიკაში ჩატარებული კლინიკოლაბორატორიული კვლევებით, არცერთ კვლევაში ანემია არ დასტურდება. ჩვენ ვართ კლინიცისტები. რადგან არის პანდემია, მას ჩაუტარდა PCR-ტესტი, „ჯინ-ექსპერტით“ კორონავირუსთან დაკავშირებით. ტესტი ჩატარებული კვლევებით იყო უარყოფითი“, - ამბობს ლევან რატიანი. მისი თქმით, ანტისხეულების ტესტირებისთვის წაღებულია ნიმუში და ამაზე პასუხს ექსპერტიზა გასცემს.

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი აღწერს, რომ პაციენტი ახალციხიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანის დროს იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. „ეს ნიშნავს, რომ ჰემოდინამიკა იყო მკვეთრად არასტაბილური. მეგადოზებით მიდიოდა პრეპარატები, რომლებიც იწვევენ წნევის აწევას. იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. აქ იყო კომა სამი ქულა, ატონია, არეფლექსია, გუგები მაქსიმალურად მიდრირებული. ჩვენ შინაგანად ვგრძნობდით, რომ პაციენტი რამდენიმე საათში დაასრულებდა სიცოცხლეს“, - აღნიშნა ლევან რატიანმა.

ექიმი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მეგი ბაქრაძეს ჰქონდა ორმხრივი პნევმონია.

„გულის გაჩერება თავისთავად იწვევს სასუნთქი სისტემის დისფუნქციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩატარებულმა გულ-ფილტვის რეანიმაციამ, რომელიც განხორციელდა თუნდაც „იმედის“ კლინიკაში, შესაძლებელია გამოიწვიოს ის კლინიკური სურათი, რომელიც კომპიუტერული ტომოგრაფიით... თან არ ნიშნავს, რომ პაციენტს წინა პერიოდში ჰქონდა დაზიანება, მაგრამ ეს არ წარმოადგენს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. რაც დაზიანება იყო კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, შესაძლებელია სრულებით ჩაითვალოს პოსტრეანიმაციული დაავადების ფილტვის ფენომენად“, - განმარტავს ლევან რატიანი. ექიმი ამბობს, რომ მას შეუძლია აღწეროს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დამდგარი შედეგი, პაციენტის გადაყვანამდე მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

„იმედის“ კლინიკიდან მიღებული ინფორმაციის შესახებ ლევან რატიანი ამბობს, რომ მან ვერბალურად მოისმინა პაციენტის მდგომარეობის შესახებ.

„მე ვარ დარგის მთავარი სპეციალისტი ქვეყნის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მე შემიძლია აღვწერო მოვლენა ორი სახის. ეს მოვლენა - დოკუმენტაცია და ჩემი თვალით დანახული. იმ პერიოდში მე კლინიკა „იმედიდან“ დოკუმენტაცია მიღებული არ მქონდა. ფორს-მაჟორული სიტუაცია იყო, აღნიშნულიდან გამომდინარე, ექიმი მას [პაციენტს] მოჰყვა თან, აგვიღწერა შემთხვევის შედეგი. ვერბალურად მოყვა. მე „იმედის“ კლინიკაში ჩატარებულ სხვა ღონისძიებებს ვერ შევაფასებ“, - თქვა მან.

ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე, 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

მეგი ბაქრაძის თბილისში გადმოყვანის შემდეგ, 19 მარტს, საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი, მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებდა, თუმცა ამბობდა, რომ მისი მდგომარეობიდან გამოყვანისთვის "ყველაფერი გაკეთდებოდა".

მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ახალციხის, ისე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG