Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე მოლაპარაკებებზე: „ქართული ოცნების“ ერთადერთი წითელი ხაზი არის სამართლიანობის პრინციპი


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში „ქართულ ოცნებას“ ერთადერთი წითელი ხაზი აქვს და ეს სამართლიანობის პრინციპის დაცვაა:

„დეტალებში არ შევდივარ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ყველა თემასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან კონსტრუქციული მიდგომა. ერთადერთი წითელი ხაზი, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და ერთხელ კიდევ შეგვიძლია გავიმეოროთ, ერთადერთი წითელი ხაზი, რაც აქვს ქართულ ოცნებას, ეს არის სამართლიანობის პრინციპი. ყველაფერი რაც იქნება შესაბამისობაში ამ პრინციპთან, სამართლიანობის პრინციპთან იქნება განხილული ჩვენი გუნდის მიერ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან კრისიტიან დანიელსონთან 29 მარტს გამართული მეორე შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, მოლაპარაკებები რთული პროცესია, რადგან რთულ საკითხებს ეხებიან, თუმცა კიდევ ერთხელ იტოვებს შეთანხმების იმედს. იგი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს არწმუნებს, რომ ხელი არ მოეწერება არც ერთ პუნქტს, რომელიც გუნდისა და სახელმწიფოს ინტერესებში არ იქნება.

"მე შემიძლია საზოგადოება დავარწმუნო, კონკრეტულად კი ჩვენი პარტიის მხარდამჭერებიც მინდა დავარწმუნო, რომ ხელი არ მოეწერება არც ერთ ისეთ პუნქტს, რომელიც არ იქნება სახელმწიფოს ინტერესებში და რომელიც არ იქნება ჩვენი გუნდის ობიექტურ ინტერესებში. ამაში შემიძლია დავარწმუნო როგორც მთლიანად საზოგადოება, ასევე კონკრეტულად ჩვენი პარტიის მხარდამჭერები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები კრისტიან დანიელსონს დღეს, 29 მარტს, უკვე ორჯერ შეხვდნენ. ამ წუთებში შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი "ნაციონალური მოძრაობისა" და "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებს ხვდება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მისაღწევად თბილისში 27 მარტს დაბრუნდა. შვედი დიპლომატი აგრძელებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს, თბილისში დაწყებულ მედიაციის პროცესს. საქართველოში დანიელსონის წინა ვიზიტისას, 12-18 მარტს, მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რაშიც ერთმანეთი დაადანაშაულეს.

მთავარი, რასაც ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ, მათ მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. „ქართული ოცნება“ პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობას უარყოფს და ვერც ვადამდელი არჩევნების საფუძველს ხედავს, რის დასტურადაც მოჰყავს თავად ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებულ მედიაციის პროცესში განსახილველ საკითხებს შორისაა სასამართლოს და საარჩევნო სისტემის რეფორმაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG