Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკაკი მინაშვილი დანიელსონთან შეხვედრაზე: საკითხები წამოვჭერით, განსაკუთრებით პოლიტპატიმრების თემა


აკაკი მინაშვილი
აკაკი მინაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან გამართულ შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძირითადად პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი დაისვა.

„აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო, საკითხები წამოვჭერით, განსაკუთრებით პოლიტპატიმრების თემა. იმიტომ რომ ჩვენი პოზიცია არის, რომ პირველი და პრიორიტეტული საკითხი ესაა. ამაზე იყო საუბარი. კიდევ ერთხელ ჩვენი პოზიციის გაცნობა იყო ამ შემთხვევაში. ხვალ შეხვედრები გაგრძელდება“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ასევე ხელისუფლების პოზიციაზე:

„მთელი დღის განმავლობაში თავიანთ რადიკალურ პოზიციებს აფიქსირებენ, რაც აფერხებს შეთანხმების პროცესს. ეს არის მათი განწყობა იმ მიმართულებით, რომ უნდათ ძალაუფლების შენარჩუნება და არ არიან მზად, რომ ქვეყნისათვის სწორი ნაბიჯი გადადგან. დღეს მე ვუსმინე კობახიძეს და მან განაცხადა, რომ ნებისმიერ ვადამდელ არჩევნებშიც და პლებისციტშიც მოუგებენ და ყველანაირ არჩევნებში მოუგებენ ოპოზიციას. თუ ამის თავი აქვთ, მაშინ რატომ ეშინიათ და რატომ კანკალებენ ნებისმიერ საკითხზე და თემაზე, რომელიც დაკავშირებულია ვადამდელ არჩევნებთან. იმიტომ, რომ კარგად ესმით, რომ მათ არა აქვთ ხალხის მხარდაჭერა“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები კრისტიან დანიელსონს დღეს, 29 მარტს, ორჯერ შეხვდნენ, ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა "ნაციონალური მოძრაობისა" და "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მისაღწევად თბილისში 27 მარტს დაბრუნდა. შვედი დიპლომატი აგრძელებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს, თბილისში დაწყებულ მედიაციის პროცესს. საქართველოში დანიელსონის წინა ვიზიტისას, 12-18 მარტს, მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რაშიც ერთმანეთი დაადანაშაულეს.

მთავარი, რასაც ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ, მათ მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. „ქართული ოცნება“ პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობას უარყოფს და ვერც ვადამდელი არჩევნების საფუძველს ხედავს, რის დასტურადაც მოჰყავს თავად ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებულ მედიაციის პროცესში განსახილველ საკითხებს შორისაა სასამართლოს და საარჩევნო სისტემის რეფორმაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG