Accessibility links

site logo site logo

საქართველოს მთავრობა ვაქცინაციას სთავაზობს ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებთ


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, კოვიდინფექციის საწინააღმდეგი აცრის შესაძლებლობა ექნებათ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებსაც.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ „იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროს და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს, რომელთაც შეეძლებათ ვაქცინაცია ჩაიტარონ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე“.

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის „გაიხსნება ფანჯრები, სადაც ისინი შეძლებენ ვაქცინაციის მიღებას“ და მათთვის სავალდებულო არ იქნება სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია: „ჩვენ ვთვლით, რომ მაქსიმალურად გამარტივებული უნდა იყოს ყველა ის პროცედურა, რომელსაც ეს ადამიანები გაივლიან“.

ტიკარაძის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ექიმები და რისკჯგუფების წარმომადგენლები „უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე და სურვილის დაფიქსირების შემთხვევაში გაივლიან რეგისტრაციას და ჩაიტარებენ ვაქცინაციას“.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დაახლოებით იციან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელთა რაოდენობა და მათთვის გამოყოფილია 500-მდე დოზა, ხოლო რაც შეეხება საპენსიო ასაკის მოქალაქეებს, მათთვის დოზები შეზღუდული არ იქნება. ოკუპირებულ ტერტორიებზე მცხოვრებთ ვაქცინებს შორის არჩევანის საშუალება ექნებათ.

ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების და 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეთა აცრა „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინებით.

ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადასვლა აკრძალული, ან მაქსიმალურად შეზღუდულია, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ რაიონებში გადასვლის შემთხვევაში კი, ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებნი კარანტინს ექვემდებარებიან. შესაბამისად, ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ იქნება შესაძლებელი მათი აცრა.

სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა დღეს მხოლოდ ის თქვა, რომ საკოორდინაციო საბჭო აგრძელებს მუშაობას „ოკუპირებულ რეგიონებთან დაწესებულ დროებით ზომებთან მიმართებაშიც“.

აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკების მთავრობები მოსახლეობის ასაცრელად რუსული ვაქცინების მოლოდინში არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG