Accessibility links

site logo site logo

კულტურის მინისტრი: მეუბნებიან, შენ ესენი [კულტურის მუშაკები] პატიმრები არ გეგონოს, უფრო რთული ხალხია


"უჩვეულო არის რეაქციები, ადამიანები, სადმე რომ ინიშნება, ულოცავენ, მე მისამძიმრებენ. ეს ცოტა უკვე მაბრაზებს. მეუბნებიან, შენ ესენი [კულტურის მუშაკები] პატიმრები არ გეგონოს, უფრო რთული ხალხია. ამ დროს, სულაც არ მგონია, რომ პატიმრები რთული ხალხია. უკვე ღიმილით ვუყურებ სამძიმარნარევ მილოცვებს, [მეუბნებიან] შენ ამას ვერ შეძლებ, ამდენი წელია ყველა მინისტრს სისხლს უშრობენ", - თქვა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახლად დანიშნულმა მინისტრმა "იმედის დილაში" სტუმრობისას. ამ ეთერში მან დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პოზიციის დაკავებით თავად იყო დაინტერესებული და მმართველი გუნდი მის ამ სურვილს დათანხმდა.

თეა წულუკიანმა "იმედის დილაში" განმარტა, რას გულისხმობს მისი ინიციატივა კულტურის კოდექსის შექმნის შესახებ და თქვა, რომ ამ დოკუმენტში ის გულისხმობს სხვადასხვა მოძველებულ კანონში გაბნეული სამართლებრივი საკითხების გაერთიანებას და ამ გზით საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას. მინისტრმა ასევე თქვა, რომ მისი პრიორიტეტი იქნება კულტურაზე წვდომა, რაც რეგიონებში გაცილებით ნაკლებად არის შესაძლებელი, ვიდრე დიდ ქალაქებში და ამ მიმართულებით, გეგმავს, იმუშაოს რეგიონული მუზეუმების, შემოქმედებითი კოლექტივების გაძლიერებაზე.

თეა წულუკიანმა ისაუბრა დაფინანსების პრიორიტეტებზეც და თქვა, რომ მისთვის პრიორიტეტი იქნება, მაგალითად, ისეთი ფილმების გადაღებაში ფულის ჩადება, რომლებიც სამშობლოს სიყვარულს უნერგავს ახალგაზრდებს.

"ჩემი აზრით, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ისეთი ფილმები, რომლებიც საზოგადოებას ხელს უწყობს და აქ გამოვყოფ ახალგაზრდა თაობებს, მათ უნერგავს სამშობლოსა და თავისუფლების სიყვარულს. ეს ფილმები აძლევს სწორ ინფორმაციას, თუ რა არის ადამიანის უფლებები, რა არის დეოკუპაციისთვის საჭირო. ამ ახალგაზრდა თაობებში, კიდევ უფრო ყურადღებამისაქცევ ჯგუფად უნდა გამოვყოთ ის ახალგაზრდები, რომლებიც ოკუპაციის გამო დევნილთა მესამე, მეოთხე თაობაა. მათ უნდა იცოდნენ, რომ მშობლიური ადგილია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ეს მტკივნეული საკითხია და ჩემი გადასახედიდან, ხელოვნება ამასაც უნდა მოემსახუროს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა. ჟურნალისტის კითხვაზე, ექნება თუ არა მისი მხარდაჭერა ისეთ ფილმებს, როგორიც იყო, მაგალითად, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გახმაურებული ფილმი "And Then We Danced", წულუკიანმა თქვა, რომ "თუ მხარდაჭერაში იგულისხმება მინისტრი, რომელიც პროპაგანდას უწევს იმას, რაც თვითონ არ მოწონს, ასეთი მხარდაჭერა შეიძლება არ იყოს".

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას თეა წულუკიანი 22 მარტიდან შეუდგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG