Accessibility links

site logo site logo

ამირან გამყრელიძის თქმით, მასობრივი იმუნიზაცია სავარაუდოდ ივლისიდან დაიწყება


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა ეგრეთ წოდებულ მასობრივ იმუნიზაციაზე დიდი ალბათობით ივლისიდან გადავა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში შესაბამისი მარაგები შეიქმნება. მათ შორის, 29 მარტს, მისი თქმით, სამინისტროში შევიდა „ნოვოვაქსთან“ დაკავშირებული კონტრაქტი. ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები „ნოვოვაქსთან“ დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა:

„ნოვოვაქსი“ გახლავთ ამერიკული კომპანია. მის მიერ წარმოებული ვაქცინა განსხვავდება პრინციპით დღეს არსებული, ვთქვათ, „ასტრაზენეკას“ ან „მოდერნას“ ან „ფაიზერის“ ან ჩინურის ვაქცინისგან. ცოტა სხვა პრინციპზეა დამყარებული მისი წარმოება.

„ნოვოვაქსი“ თვითონ არის ვაქცინების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. მან მისცა ლიცენზია ინდოეთის „სერუმ ინსტიტუტს“ წარმოებაზე მილიარდი დოზის, რომლითაც კოვაქსიც უნდა მომარაგდეს. ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკება, გარდა „კოვაქსისა“, გვაქვს „სერუმ ინსტიტუტთან“ და მიმდინარეობს სწორედ ეხლა საუბარი დაახლოებთ მილიონი დოზის „ნოვოვაქსის“ შესყიდვაზე.

ამის გარდა, ქვეყანა აწარმოებს პირდაპირ მოლაპარაკებებს „ფაიზერთან“, არა „კოვაქსის“ გავლით, არამედ პირდაპირ „ფაიზერიდან“ შესყიდვასთან დაკავშირებით. ველოდებით „ფაიზერისგან“ მოწოდების პირობებს და ასევე, მიმდინარეობს პირველი მოლაპარაკებები „ჯონსონ & ჯონსონთან“. ამიტომ ამ წლის განმავლობაში სხვადასხვა ვაქცინები, მათ შორის ჩინური, მათ შორის „ნოვოვაქსი“, მათ შორის „ჯონსონ&ჯონსონი“ ქვეყანაში გამოჩნდება და მათ შორის „ასტრაზენეკა“ თავისთავად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ივლისიდან ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი, მასობრივი აცრების ცენტრები გაიხსნება. ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ შესაბამისი მარაგების შექმნის შემდეგ, ამ ცენტრების გამტარუნარიანობა დღეში 3000-4000 აცრა იქნება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. დღეს საქართველოში აცრა ორი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - „ფაიზერით“ და „ასტრაზენეკათი“. არსებული ინფორმაციით, მომავალ კვირაში საქართველოს 100 000 დოზა ჩინური ვაქცინაც ექნება, რომელთან დაკავშირებითაც ჯანმოსთან კონსულტაციების გავლა მოუწევს.

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ სამედიცინო მუშაკებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს. 30 მარტის შუადღის მონაცემებით, სულ აცრილია 5706 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG