Accessibility links

site logo site logo

ამირან გამყრელიძე: თუ კონტროლი არ გამკაცრდა, ქვეყანაში იგივე გამეორდება


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამყრელიძემ თქვა, რომ ინციდენტობის, 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების და დადებითობის მაჩვენებლები, რომლებსაც საკმაოდ კარგი დინამიკა ჰქონდა, ბოლო ორი კვირაა, მცირედით, მაგრამ გაუარესდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის შეფასებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 673 შემთხვევა ძალიან საყურადღებო მაჩვენებელია და მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაცია უკეთესია, ვიდრე იანვარსა და თებერვალში იყო, გამოჩნდა გაუარესების ტენდენცია და თანდათან იზრდება ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზეც.

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოს დაახლოებით ასეთი სიტუაცია ჰქონდა სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში, რასაც ოქტომბრის ბოლოს მოჰყვა კორონავირუსის შემთხვევების ე.წ. ექსპონენციალური ზრდა.

გამყრელიძის განცხადებით, თუ პირბადის ტარებაზე, სოციალური დისტანციის დაცვასა და თავშეყრებზე ზედამხედველობა და აღსრულების კონტროლი არ გამკაცრდა, ქვეყანა გაიმეორებს იმავეს, რაც აგვისტოში მოხდა:

„დავიჯერეთ, რომ გავიმარჯვეთ კორონავირუსულ ინფექციაზე, რადგან კლება გვაქვს ათჯერადი ნოემბერთან შედარებით და დავიჯერეთ, რომ უკვე დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია. ამან შეიძლება მიგვიყვანოს სავალალო შედეგებამდე და გამეორდეს იგივე, რაც იყო ნოემბერ-დეკემბერში“.

ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პრევენციული ზომების დაცვისა და იმუნიზაციის პროცესის გააქტიურების გარდა, ეპიდემიასთან ბრძოლაში სხვა გამოსავალი არ არსებობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, ეპიდსიტუაციის შედარებით გაუარესების მიუხედავად, ამ ეტაპზე საუბარია არა შეზღუდვების აღდგენაზე, არამედ წესების დაცვის აღსრულებაზე კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრებაზე და ეს დღეს პრემიერ-მინისტრმა დაავალა შესაბამის სამსახურებს.

ბოლო 24 საათში, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 673 შემთხვევა, რაც 16 თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 8 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG