Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ვაქცინაციას მხოლოდ რუსეთის დახმარებით განიხილავს


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება უარს ამბობს თბილისის წინადადებაზე, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში მისცეს ვაქცინაციის შესაძლებლობა. როგორც „ეხო კავკაზა“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ „მოსახლეობის ვაქცინაციის საკითხი მოკავშირისა და სტრატეგიული პარტნიორის რუსეთის ფედერაციის დახმარებით განიხილება“.

„მალე აფხაზეთში მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყება ერთ-ერთი იმ პრეპარატით, რომელიც შემუშავებულია რუსი მეცნიერების მიერ. ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩვენს რუს მეგობრებთან. რუსული ვაქცინის ეფექტიანობა პრაქტიკაში უკვე დადასტურებულია“, - აღნიშნავენ პრესსამსახურში. განცხადების თანახმად, დე ფაქტო აფხაზეთი არ აპირებს საკუთარ ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებში წარმოებული ვაქცინების შეტანას.

"ეხო კავკაზა" ცოტა ხნის წინ წერდა, რომ დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციას 100 000 დოზა ვაქცინისთვის მიმართა, ხოლო დე ფაქტო სამხრეთი ოსეთი მარტის ბოლომდე "სპუტნიკ5"-ის 1500 დოზა ვაქცინის მიღებას იმედოვნებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო აცრის შესაძლებლობა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებსაც ექნებათ. ამის შესახებ 30 მარტს უწყებათშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ „იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროს და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს, რომელთაც შეეძლებათ ვაქცინაცია ჩაიტარონ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე“.

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის „გაიხსნება ფანჯრები, სადაც ისინი შეძლებენ ვაქცინაციის მიღებას“ და მათთვის სავალდებულო არ იქნება სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია.

ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების და 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეთა აცრა „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინებით.

ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადასვლა აკრძალული, ან მაქსიმალურად შეზღუდულია, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ რაიონებში გადასვლის შემთხვევაში კი, ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებნი კარანტინს ექვემდებარებიან. შესაბამისად, ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ იქნება შესაძლებელი მათი აცრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG