Accessibility links

site logo site logo

ნატოს თვითმფრინავები ათჯერ აფრინდნენ ცაში რუსეთის "უჩვეულო დონის საჰაერო მოქმედებების გამო"


ნატოს თანახმად, მისი თვითმფრინავები ათჯერ აფრინდნენ ცაში, მისი თქმით, რუსეთის უჩვეულო დონის საჰაერო მოქმედებების გამო.

ალიაინსის თვითმფრინავები 29 მარტს ავიდნენ ცაში „რათა ადევნებოდნენ რუსეთის ბომბდამშენებსა და გამანადგურებლებს ფრენის უჩვეულოდ გახშირებისას ჩრდილოეთ ატლანტიკის, ჩრდილოეთის ზღვის, შავი ზღვისა და ბალტიის ზღვის თავზე“, ნათქვამია ნატოს განცხადებაში, რომელიც 30 მარტს გამოქვეყნდა.

ნორვეგიის F-16-ებმა გადაიტაცეს რუსეთის ორი ბომბდამშენი Tu-95, რომლებმაც განაგრძეს სამხრეთის მიმართულებით ფრენა ჩრდილოეთის ზღვის თავზე, რის გამოც ცაში ავიდნენ ბრიტანეთისა და ბელგიის Typhoon-ები და F-16-ები.

იმავე დღეს ნორვეგიის სამხედრო თვითმფრინავებმა საერთაშორისო წყლების თავზე გადაიტაცეს რუსეთის ორი ბომბდამშენი Tu-160.

შავი ზღვის თავზე თურქეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის გამანადგურებლები ავიდნენ ცაში მას შემდეგ, რაც ალიანსის რადარებმა ნატოს საჰაერო სივრცის მახლობლად აღმოაჩინეს რუსეთის სამი სამხედრო თვითმფრინავი და აედევნენ მათ, სანამ ისინი ამ რაიონს დატოვებდნენ.

კიდევ ერთი ინციდენტისას ბალტიის ზღვის თავზე აღმოაჩინეს რუსული საზღვაო-საპატრულო გემი, რომელიც გამანადგურებლების თანხლებით მოძრაობდა.

„რუსული თვითმფრინავების რამდენიმე ჯგუფის გადატაცება ნათელყოფს ნატოს ძალების მზადყოფნას და უნარს, დაიცვან ალიანსის ცა დღე-ღამეში 24 საათის, კვირაში 7 დღის, წელიწადში 365 დღის განმავლობაში“, - განაცხადა ალიანსის სამხედრო-საჰაერო ძალების სამეთაურო შტაბის უფროსის მოადგილემ გერმანიაში, რამშტაინში, ბრიგადის გენერალმა ენდრიუ ჰანსენმა.

ნატოს თქმით, რუსეთის თვითმფრინავები, რომლებიც გადაიტაცეს 29 მარტს, „არასოდეს შესულან ალიანსის საჰაერო სივრცეში და გადატაცების ოპერაციები უსაფრთხო და რუტინული წესით განხორციელდა“.

მეტი ნახეთ აქ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG