Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუქარა, შეჩვენება, განკვეთა, ჭორაობა, შანტაჟი - ჭყონდიდის ეპარქიაში დაძაბულობა მატულობს


ეპისკოპოსმა სტეფანემ, მას შემდეგ, რაც ჭყონდიდის მღვდელმთავარი გახდა, ოთხი ბრძანება გამოსცა და ორი კრება ჩაატარა. 4 ბრძანებიდან სამი იმ სასულიერო პირების დასჯის განკარგულებებია, ვისაც სტეფანე თავისი წინამორბედის, მეუფე პეტრეს მხარდამჭერებად თვლის.

ოთხიდან ერთი ბრძანებით კი სასულიერო პირები გააფრთხილა, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დაისჯებოდნენ. ეს პირობა მეუფე სტეფანემ შეასრულა.

აყალმაყალით დამთავრდა ჭყონდიდის ეპარქიაში გამართული ორივე კრებაც - პირველი კრება მეუფე სტეფანემ ბერებთან გამართა, მეორე მონაზვნებთან. თუკი პირველი კრებისას ეპარქიის რეზიდენციასთან ჟურნალისტების კამერები იდგა, მონაზვნებთან 29 მარტს გამართულ შეკრებაზე კამერა თავად ეპისკოპოსმა დააყენა შეხვედრების ოთახში, ორსაათიანი ჩანაწერი გააკეთა და თვითონვე გაავრცელა. ამ შეხვედრაზე ეპისკოპოსი ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარ ქალს არაერთხელ აყენებს შეურაცხყოფას, სხვა მონაზვნებს კი კითხვებზე არ პასუხობს.

რადიო თავისუფლება ესაუბრა 29 მარტს მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრის პოსტიდან გადაყენებულ მონაზონ სოსანას [ბოლქვაძე]. ათ წელიწადზე მეტია, რაც იგი ჭყონდიდის ეპარქიაში მსახურობს, მარტვილის მონასტრის წინამძღოლად კი მას შემდეგ აირჩიეს, რაც მისი წინამორბედმა, თამარ გამყრელიძემ ჭყონდიდის ეპარქია მიტროპოლიტ პეტრესთან ერთად დატოვა. ჭყონდიდის მიტროპოლიტის ბრძანებაში სოსანა ბოლქვაძის გათავისუფლების მიზეზი არ წერია, მონაზვნები ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ სოსანა ბოლქვაძის მიერ ლოცვებში პატრიარქის მოხსენიებაზე უარს. მონაზონი ამ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ არც ეპარქიის და არც მონასტრის დატოვებას არ აპირებს. მისი აზრით, თუ ვინმე უნდა წავიდეს ჭყონდიდის ეპარქიიდან, ეს მეუფე სტეფანეა, მღვდელმთავარი, რომელმაც დიალოგის ნაცვლად დაპირისპირების გზა აირჩია და ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ამ ეპარქიაში პეტრე ცაავა ვეღარასოდეს დაბრუნდება.

„მეუფე სტეფანე ბრალს მდებს აბსურდში. მე არ ვარ მღვდელი, არ ვატარებ წირვას, აქედან გამომდინარე, არ მაქვს უფლება, მოვიხსენიო პატრიარქი წირვაში. მან ბრალი დამდო, დედაო წირვაში არ იხსენიებს პატრიარქსო. მონაზონს არ აქვს უფლება, მღვდლის ფუნქცია შეითავსოს. პირად ლოცვებში და პარაკლისებში ვლოცულობ პატრიარქზე და ვითხოვ, ღმერთმა შეუნდოს ის ცოდვები, რასაც ამბობენ, რომ ჩადენილი აქვს.

უკანონოდ დამსაჯა და, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა, მონაზონს იხსენიებს არაქრისტიანული სიტყვებით, იმ სიტყვებით, რომლითაც რიგითი ადამიანიც კი არ მიმართავს ქალს. ეს არის შეურაცხყოფა - მღვდელმთავარი, რომელიც მონაზონს ასე ელაპარაკება, უნდა განაყენონ ეკლესიიდან. ის შფოთს ნერგავს ეკლესიაში და არ უნდა იყოს სინოდის წევრი”, - ამბობს დედა სოსანა.

მას შემდეგ, რაც მიტროპოლიტი სტეფანე სინოდის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის ეპისკოპოსი გახდა, საპატრიარქო ცდილობს საჯაროდ წარმოაჩინოს, რომ ამ დავაში მის მხარესაა. საპატრიარქოს ტელევიზია ამზადებს ვრცელ მასალებს იმის შესახებ, როგორ ებრძვიან ეპისკოპოს პეტრე ცაავას მხარდამჭერები მეუფე სტეფანეს. მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ დასჯილი სასულიერო პირები რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობენ, რომ ისინი არა რომელიმე მღვდელმსახურის, არამედ „სიმართლის და ქრისტეს მსახურები” არიან.

ჭყონდიდის ეპარქიაში კონფლიქტის მიზეზი ისაა, რომ სასულიერო პირების ნაწილი მეუფე პეტრე ცაავას მიმართ სინოდის მიღებულ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს და თვლის, რომ მას ისე შეუჩერეს მღვდელმთავრის უფლებამოსილება, რომ არ მისცეს საშუალება დაემტკიცებინა თავისი სიმართლე საეკლესიო სასამართლოზე. უკმაყოფილება პეტრე ცაავას ჭყონდიდიდან ჩამოშორების გამო იმდენად დიდია, რომ დაძაბულ გარემოს ვერ გაუძლო პეტრე ცაავას პირველმა შემცვლელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა და სინოდს სთხოვა ჭყონდიდიდან სხვაგან გადაეყვანათ. ასე აღმოჩნდა ლენტეხისა და ცაგერის მღვდელმთავარი სტეფანე კალაიჯიშვილი ჭყონდიდის ეპისკოპოსი.

მეუფე სტეფანე ცდილობს, გადაფაროს მეუფე პეტრეს მძიმე ბრალდებები პატრიარქის მისამართით და ჰყვება, რომ არც პეტრე ცაავა არის „წმინდანი” - მას ბერობაში მონაზვნისგან ეყოლა შვილი, რომელიც მარტვილის სამშობიაროდან გააშვილესო. თუმცა, მეუფე პეტრესგან განსხვავებით, მეუფე სტეფანე ამ საკითხის სინოდზე განხილვას არ აპირებს და არც იმის ვალდებულებას გრძნობს, მის მიერ გაჟღერებული ამბავი მტკიცებულებებით გაამყაროს.

„მეუფე პეტრე უკვე წელიწადზე მეტია იხვეწება, მიეცეს საშუალება, დაამტკიცოს თავის ნათქვამი სიტყვა პატრიარქის მიმართ საეკლესიო სამართლის თანახმად - სინოდი ამის საშუალებას არ აძლევს. მეუფე სტეფანე მეუბნება, რომ მეუფე პეტრეს მონაზვნისგან ჰყავს შვილი, რომელიც გააშვილეს და საქართველოში არ ცხოვრობს, მაგრამ ამ ბრალდებას არ განვამტკიცებ, იმიტომ რომ ამის სინოდზე განხილვას არ ვაპირებო. რა გამოდის? სტეფანე ცრუობს და ავრცელებს ტყუილს ეპისკოპოსზე, რომელიც თითქმის 15 წელი მართავდა ამ ეპარქიას და რომელსაც შეუძლია ამხილოს ეკლესიაში არსებული მანკიერი ფაქტები. თუ არ ცრუობს და ეს ამბავი მართლა მოხდა, სად იყვნენ მაშინ სინოდის წევრები ან ახლა რატომ არ აპირებენ ამ საქმის განხილვას, თუ მართალია? ყველა კანონს, ყველა წესს არღვევენ, რომ ჩვენ შეგვრაცხონ ეკლესიის მტრებად”, - ამბობს დედა სოსანა. ის ამტკიცებს, რომ იმ გახმაურებული ბრალდების შემდეგ, რაც ეპისკოპოსმა პეტრე ცაავამ სინოდის ერთ-ერთ სხდომაზე ილია მეორის ჰომოსექსუალურ კავშირებზე ისაუბრა, რამდენიმე საერო და სასულიერო პირი გამოჩნდა, რომლებიც მზად არიან პატრიარქის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად. მონაზვნის თქმით, არსებობს ვიდეოჩანაწერიც, რომელსაც იცნობენ სასულიერო პირებიც.

მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვარი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ეკლესია სხვა არაერთი სასულიერო პირის ცოდვებს მალავს. დედა სოსანას თქმით, მასთან მონასტერში წლების განმავლობაში არაერთი ახალგაზრდა ქალი მისულა, რომლებიც მღვდლებისგან სექსუალური შევიწროების ან ძალადობის მსხვერპლები გახდნენ.

„ხომ შეიძლება, გაირკვეს სიმართლე და დამთავრდეს ეს მითქმა-მოთქმა? ხომ შეიძლება, გულთან ახლოს მიიტანონ ამ ადამიანების გულისტკივილი? ქუჩური ტერმინოლოგიით რომ გვესაუბრებიან და არაადამიანურ სიტყვებს ხმარობენ, ასე არ უნდა ხდებოდეს. რაც ჩვენს ეკლესიაში ხდება, ეს არ არის ერთი ეპისკოპოსის და ერთი ეპარქიის პრობლემა, მთელი ქვეყნის პრობლემაა. დამნაშავეების დაუსჯელობის გამოა ეკლესიაში ამდენი მამათმავალი და მრუში”, - ამბობს დასჯილი მონაზონი. დედა სოსანას, გარდა იმისა, რომ მონასტრის წინამძღოლობა აუკრძალა ეპისკოპოსმა, აღარ აქვს ზიარების უფლება და ეპისკოპოსი სტეფანე სთხოვს ეპარქიისთვის იმ მანქანის გადაცემასაც, რომელიც მას პირადად აჩუქეს.

„შენ ვინ ხარ?! დებილი დედაკაცი დადგები და ამხელა მღვდელმთავრებზე ასეთ რამეებს ლაპარაკობ, ვინ ხარ?! მეუფე პეტრეს გაანებე თავი, დაგღუპა მაგან. შენს თავს მიხედე, გადაგაყენე მონასტრის წინამძღვრობიდან, ზიარების უფლებას გიკრძალავ და დამთავრებულია, მეტი ახლა შენ მონაზვნობის მიმართულებით რისი გამკეთებელი ხარ?

[...] მეუფე პეტრესთან რა ურთიერთობები მექნება და რა უნდა დავამტკიცო, ჯერ, რომელი ქურდი ხარ, ახლა მე დამიყენო საკითხი გასარჩევად. შენს მოძღვარს ჰკითხე, რატომ იმრუშა და რატომ ჰყავს შვილი. [...] დატოვე კრება და წინამძღვრობა დატოვე. მანქანა იქ დატოვე, იმიტომ, რომ შენი არ არის…“, - ასე მიმართა მღვდელმთავარმა მონაზონს, რომელმაც საბოლოო ჯამში შეხვედრა დატოვა.

„უბედურება ის არის, რომ თვითონ გაავრცელა ეს ყველაფერი. ვერც ხვდება, რამხელა შეცდომა დაუშვა. ეს ხომ უგუნურებაა”, - ამბობს მონაზონი, რომელთან ეპისკოპოსის დაპირისპირების ფრაგმენტებიც მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ონლიანმედიაში.

მეუფე სტეფანეს და დედა სოსანას დაპირისპირება
please wait

No media source currently available

0:00 0:02:51 0:00

„სტეფანე ყოფილა ყოვლად უღირსი და გარეწარი! ეპისკოპოსი იღუმენიას ასე უნდა ესაუბროს? ან უბრალოდ კაცი ქალს?! ხელმძღვანელი ქვემდგომს?!

ჭყონდიდის ვაი მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი არის ცრუ ეპისკოპოსი, უზრდელი და გათახსირებული ნაგავი!

ყველა მისი და დეგრადირებული საპატრიარქოს დამცველები ხართ იგივე ნაგავი და მონური სულის საცოდავი პრიმიტივები, ვინც კულტებს ვერ ერევით და აზროვნება დაკარგეთ! თქვენ ქრისტიანები არ ხართ, თქვენ ხართ ფარისეველი გარეწრები, ღვთისმოსაობის ნიღაბაფარებულები!!!” - ასე გამოეხმაურა დეკანოზი ილია ჭიღლაძე ჭყონდიდის ეპარქიის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში გაჟღერებულ ფრაზებს, რომლითაც ეპისკოპოსი მონაზვნებს მიმართავდა. დეკანოზის ინფორმაციით, ჭყონდიდელმა სასულიერო პირებმა 3 დღის წინ სინოდს წერილობით აცნობეს ეპარქიაში არსებული პრობლემების შესახებ - გამოსავალი ახლა დიდი საეკლესიო კრების მოწვევა უნდა იყოს.

„მარტვილის სამღვდელოებას, ბერ-მონაზვნობას, მრევლს აქვთ უმწვავესი კითხვები, ისინი მოითხოვენ ამ კითხვებზე პასუხს. ამის ნაცვლად საპატრიარქო მათ აჩუმებს, სჯის, მოკვეთით ემუქრება. ილია მეორის პირობებში საპატრიარქოს არასოდეს მოუსმენია და განუხილავს განსხვავებული მოსაზრებები, არასოდეს გაუცია პასუხი კითხვებისთვის - კრიტიკოსებთან, მამხილებლებთან ურთიერთობის მისი ერთადერთი ფორმა იყო დამუქრება, შეჩვენება, ჭორების დაყრა, შანტაჟი და ძალადობა”, - ეს თეოლოგ ბექა მინდიაშვილის შეფასებაა მიმდინარე მოვლენებზე.

მიუხედავად მღელვარებისა, ეტყობა, რომ მეუფე სტეფანე უკან დახევას არ აპირებს. 28 მარტს, სანამ მონაზვნებთან შეხვედრას გამართავდა, მან ზიარების უფლება შეუზღუდა ყველა იმ საერო და სასულიერო პირს, „ვინც მონაწილეობდა თავდასხმაში ეკლესიაზე და ვინც მონაწილეობს ამბოხში”.

„საპატრიარქო და ზოგიერთი სინოდის წევრი შეგნებულად დაადგა დესტრუქციულ გზას”, - წერდა მღვდელი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესებზე. მან ხუთი მიზეზი ჩამოთვალა, რის გამოც შეიძლება საპარტიარქოს არ უნდოდეს საეკლესიო კრების ფორმატში ეკლესიის წიაღში დაგროვილი პრობლემების მოგვარება:

  • კათალიკოსს ილია მეორეს ვერ ჩააყენებენ უხერხულ მდგომარეობაში.
  • რაც მათ სურთ, საამისოდ არა აქვთ საეკლესიო კანონიკით არგუმენტები.
  • სურვილი აქვთ, რომ ეს მორწმუნე მღვდლები და მრევლი გამოიყვანონ ეკლესიის მტრებად (რაც არ გამოუვათ).
  • შეეცდებიან ახალი კამიკაძეების გამოჩეკვას და პატრიოტთა ალიანსის მსგავსი აქციის მომწყობთა დაგეშვას.
  • ჩათრეული ყავთ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები ამ თამაშში.

„მძიმე სურათი გველოდება და ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ. რაც უფრო მეტ "მარგალიტებს" გადმოაფრქვევს მეუფე სტეფანე, მით უკეთესად გავიგებთ კათოლიკოსის ოინებს”, - ასეთია ანდრია სარიას პროგნოზი.

29 მარტს მონაზვნებთან შეხვედრაზე მეუფე სტეფანემ თქვა, რომ მისი საუკეთესო იარაღი პროვოკაციების წინააღმდეგ გალობაა და თუკი ისევ მოუწყობენ პროვოკაციებს, კვლავ იგალობებს. სწორედ გალობა იყო მისი იარაღი ჭყონდიდში გამართულ პირველ კრებაზე „ამბოხებული სასულიერო პირების” და „პროვოკატორი ჟურნალისტების” წინააღმდეგ.

მეუფე სტეფანემ მონაზვნებთან შეხვედრაზე 29 მარტს თქვა ისიც, რომ ეპარქიაში მომხდარ არეულობებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მედია და ის აგროვებს მტკიცებულებებსა და კადრებს იმისთვის, რომ დაამტკიცოს მედიის ინტერესი ეკლესიაში შუღლის გაღვივებაში. მედიის მიმართ უკმაყოფილება ჭყონდიდში ახლად დანიშნული ეპისკოპოსის ქადაგებებშიც მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს - მის განსაკუთრებულ უკმაყოფილებას არასახელისუფლებო სატელევიზიო არხები იწვევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG