Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოხდა ჭყონდიდში - ერთდღიანი დაძაბულობა თუ ხანგრძლივი კონფლიქტის აფეთქება


ჭყონდიდის ეპარქიაში ახლად მივლენილი მიტროპოლიტის მოწვეული პირველივე კრება ხმაურითა და ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. 

სინოდის მიერ ჭყონდიდის ეპარქიიდან მეუფე პეტრეს ჩამოშორების შემდეგ იქ მივლენილმა ერთმა ეპისკოპოსმა უკვე თქვა უარი მსახურებაზე - ვერ ააწყო ადგილობრივ მღვდელთმსახურებთან ურთიერთობა. ეპისკოპოსი სტეფანე ჯერჯერობით სიმტკიცეს იჩენს და ამბობს, რომ ვინც მას უპირისპირდება, ის ეკლესიის მოწინააღმდეგეა. მეუფე სტეფანე თავის მოწინააღმდეგედ მედიის ნაწილსაც მიიჩნევს. ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტის კითხვებს, გუშინ კრების დასრულებისას რეზიდენციის მეორე სართულიდან გადავარდნილი ადამიანების შესახებ, ის გალობით პასუხობდა. 8 მარტს, ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავდნენ ჟურნალისტებიც - 9 მარტს, ეპისკოპოსმა მღვდელმსახურების და მრევლის ნაწილთან კონფლიქტის მიზეზებზე საუბრის ნაცვლად მედიის პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ მედია მიზანმიმართულად იბრძვის ეკლესიის წინააღმდეგ. მეუფე პეტრე ამბობს, რომ ეკლესიაში არსებული პრობლემების პოლიტიზება კრიზისს ვერ მოაგვარებს და მეუფე სტეფანეს მხრიდან ამის მცდელობა უგუნურებაა.

  • მეუფე პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიას 2006 წლის 21 დეკემბრიდან 2019 წლის 31 ოქტომბრამდე მართავდა - მანამ, სანამ სინოდის სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ჰომოსექსუალურ კავშირებსა და სექსუალურ ძალადობაში დასდებდა ბრალს. სინოდმა ჭყონდიდელ მიტროპოლიტს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა.
  • პეტრე ცაავას შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიაში ეპისკოპოსის მოვალეობას გრიგოლ კაცია ასრულებდა 2021 წლის 14 თებერვლამდე. მან სინოდს თვითონ მიმართა უკან, წალკაში დაბრუნების თხოვნით, იმის გამო, რომ ჭყონდიდში ეპარქიის მღვდელმთავრებისა და მრევლის ნაწილმა ვერ მიიღო. „სამწუხაროა, რომ ამ ეპარქიაში არის აგრესია და სიძულვილი. ის ბერები და მღვდელმსახურები, ვინც ერთად გაიზარდა და მოღვაწეობენ, ერთმანეთს არ ესალმებიან”, - ასე აღწერდა წალკაში დაბრუნების შემდეგ გრიგოლ კაცია ჭყონდიდის ეპარქიაში არსებულ ვითარებას.
  • 2021 წლის 14 თებერვლიდან ჭყონდიდში ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი მეუფე სტეფანე ჩავიდა, რომელმაც ერთ-ერთ პირველ განცხადებაში თქვა, რომ „ჭყონდიდის საკრალურობა უნდა დასრულდეს”.

მეუფე სტეფანე: “არ ვაპირებ ეპარქიის დატოვებას”

„რა მაქვს დასატოვებელი. რამდენიმე სასულიერო პირმა, რომელიც არასწორად ცხოვრობს და მოქმედებს, არაეკლესიური წესებით მოაწყვეს შეთქმულება, შეკრიბეს ხალხი [..] მე ჩვეულებრივად მოვიწვიე სამღვდელოების კრება, არავითარი არც პრესა, არც ტელევიზია და არც მრევლი არ იყო იქ მოსაყვანი, იმიტომ რომ სასულიერო პირებს გვაქვს წესი, ერთმანეთთან ვილაპარაკოთ და ეს იყო ასეთი კრება. იქ, რა თქმა უნდა, ვიღაცას ჰქონდა რაღაც კითხვები, ვიღაცას რაღაც პასუხები უნდოდა და მზად ვიყავი ყველაფერზე მეპასუხა და გველაპარაკა. ეს კრება გაცნობითი ხასიათის იყო, მე ახალი დადგენილი ვარ ამ ეპარქიაში და მინდოდა ყველა სასულიერო პირის გაცნობა და მათთან ერთად სასულიერო საკითხებზე მსჯელობა”, - ასე აუხსნა მეუფე სტეფანემ დღეს ჟურნალისტებს 8 მარტს ეპისკოპოსის რეზიდენციაში გამართული კრების გამართვის მიზეზები. ის ამბობს, რომ პირადად მას არ ჰყავს მოწინააღმდეგეები და „მისი მოწინააღმდეგეები ეკლესიის მოწინააღმდეგეები არიან”. რაც შეეხება ხალხს, ვინც რეზიდენციის გარეთ იყო შეკრებილი, მეუფეს თქმით, ისინი ქუთაისიდან ჩასული პარტიული აქტივისტები, ანუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები იყვნენ.

იგივე ითქვა 9 მარტს, დღის მეორე ნახევარში, საპატრიარქოში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზეც. საპატრიარქო აცხადებს, რომ გაფრთხილების მიუხედავად ჟურნალისტები კერძო საკუთრებაში შეიჭრნენ, სადაც სასულიერო პირები კრებას მართავდნენ, არეულობის პროვოცირება კი პოლიტიკურმა ჯგუფებმა მოახდინეს.

„აქციაში მონაწილეთა ქცევა სრულიად არ შეესაბამებოდა მორწმუნეთა ქცევას... ვინც ამ პროცესებს მართავს, ყოველგვარ უღირსებაზეა წამსვლელი. მათთვის კარგა ხანია, აგრესია, სიცრუე, ცილისწამება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა”, - თქვეს საპატრიარქოში ჭყონდიდში მომხდარი მღელვარების კვალდაკვალ.

მეუფე პეტრე: “ძალმომრეობას ... ქადაგებს საპატრიარქო”

ეპისკოპოსი პეტრე ცაავა ამბობს, რომ პრობლემები ჭყონდიდში იქნება მანამ, სანამ იარსებებს პასუხგაუცემელი შეკითხვები.

„ამის მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში და, კერძოდ, მის მმართველობაში გამეფებული უსამართლობა და უზნეობა. ძალმომრეობა, რომელსაც დღეს არათუ სიტყვით, საქმითაც ქადაგებს საქართველოს საპატრიარქო”, - ამბობს პეტრე ცაავა, რომელიც 2006 წლიდან მართავდა ჭყონდიდის ეპარქიას, სანამ 2019 წელს პატრიარქის ჰომოსექსუალურ კავშირებზე ისაუბრებდა სინოდის სხდომაზე, რის შემდეგაც მას უფლებამოსილება შეუწყვიტეს. პეტრე ცაავა ამ დრომდე ითხოვს საეკლესიო სასამართლოს, სადაც, როგორც ამბობს, ბრალდებებს მტკიცებულებებით დაადასტურებს. საპატრიარქო პეტრე ცაავასგან ბოდიშის მოხდას და სინანულს მოელის.

მეუფე პეტრე ამბობს, რომ ეკლესიამ მრევლი პოლიტიკური გემოვნების მიხედვით არ უნდა დაჰყოს. მაგალითად მოჰყავს გუშინ ჭყონდიდის ეპისკოპოსის რეზიდენციაში მყოფი ერთ-ერთი პირი, რამდენიმე ეკლესიის ქტიტორი დავით თოფურია, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარე იყო 2016 წლამდე, მაგრამ, ამავდროულად, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული თეოლოგია და მის იქ ყოფნას გაოცება არ უნდა გამოეწვია.

პეტრე ცაავა ამბობს, რომ ჭყონდიდის ეპარქია არასოდეს ყოფილა სამართავად ადვილი საეპისკოპოსო და მასაც, როცა იქ დაინიშნა მღვდელმთავრად, ბევრი პრობლემა დახვდა - მათ შორის, დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის. ეს პრობლემები კარგად იცოდნენ სინოდის წევრებმაც.

„2007 წლიდან, უფლის მადლით, ნამდვილად დამყარდა მშვიდობა, მაგრამ ეს მშვიდობა დამყარებული იყო სამართლიანობაზე, უანგარობაზე და ქრისტიანულ მოღვაწეობაზე და მრევლი და სამღვდელოება მიეჩვია ქრისტიანულ თანაცხოვრებას იერარქის მხრიდან, კანონის უზენაესობას, სჯულის კანონის ფარგლებში მოქმედებას და ცხოვრებას, ქრისტიანულ თავისუფლებას, ჭეშმარიტ თავისუფლებას, რომლის უზენაესიც არის უფალი იესო ქრისტე, შორს იყო ბრმა მორჩილებისგან, ცრუ მორჩილებისგან ეპარქია და იქ ცვლილების, მით უმეტეს, უკანონო ცვლილებების შემდეგ, სანამ პასუხები არ იქნება შეკითხვებზე გაცემული და ისევ სამართალზე არ იქნება მშვიდობა დამყარებული, შეუძლებელია, იქ იყოს მშვიდობა. მაშინ იქ უნდა დამყარდეს დიქტატურა, რომელიც მონურ მდგომარეობაში ჩაყრის ადამიანებს, მაგრამ ქრისტიანები არ არიან მონები, ისინი არიან ღმერთის მონები, მაგრამ არა ადამიანების, მით უმეტეს ისეთი ადამიანის, რომელიც არ იძლევა ქრისტიანული ცხოვრების მაგალითს და ჩვენ ეს დავინახეთ მეუფე სტეფანესგან გუშინ. როცა ცოცხალმკვდარი ადამიანები ძირს ეყარნენ მის ეზოში, ჩაიკეტა ოთახში და არც გამოდიოდა. ეს იყო სრული სიბნელე, სრული ფარისევლობა”, - ამბობს პეტრე ცაავა.

რა მოხდა 8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში?

ეპისკოპოს სტეფანეს ჭყონდიდის ეპარქია 12 თებერვალს გადაეცა მმართველობაში - მანამდე ის მხოლოდ ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიას მართავდა. სტეფანეს ჭყონდიდში დანიშვნის მიზეზი გახდა მისი წინამორბედის, პეტრე ცაავას ნაცვლად იქ მივლენილი გრიგოლ კაციას განცხადება, რომ ამ ეპარქიაში მსახურებას ვეღარ გააგრძელებდა. სინოდმა ის წალკის ეპარქიაში დააბრუნა. მიტროპოლიტმა სტეფანემ სასულიერო პირების შეკრებამდე გამოსცა ბრძანება, რომლითაც მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა ორ დიაკვანს, კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს. ამ ბრძანებაში, რომელიც მიტროპოლიტ სტეფანეს რიგით მეორე ბრძანებაა, დიაკვნების დასჯის გარდა, საყურადღებოა მეოთხე პუნქტი, სადაც ის ეპარქიის ცხოვრებაში „შფოთის შემომტან სასულიერო პირებს” და „მათ უგუნურ ქმედებებს აყოლილებს” მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა ეკლესიის წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლაში.

დასჯილი დიაკვანი, პეტრე ღუდუშაური რადიო თავისუფლებას უყვება, რომ როცა ეპისკოპოსმა ისინი დაიბარა და მორჩილება მოსთხოვა, მან კითხვებზე პასუხი მოითხოვა და მეუფე სტეფანეს შეახსენა, რომ ჭყონდიდს ჰყავდა ეპარქიიდან უკანონოდ გაშვებული ეპისკოპოსი [პეტრე].

„ - რამდენს ლაპარაკობო, მითხრა. აბა, მონა ხომ არ ვარ, ისე დაგემორჩილოო, ვუთხარი. ნუ უზრდელობო, ასე მომმართავდა. რატომ, მე მაინტერესებს თქვენი პასუხი-თქო. სინოდი გაარკვევსო. სინოდი რომ გაარკვევს, მერე დაგემორჩილებით, მე არ მინდა ისეთი კაცის გვერდში ვიმსახურო, ვინც არ ვიცი ვინაა. მინდა მართალი კაცის გვერდში მსახურება”, - ამბობს დიაკვანი პეტრე. ის მეუფე სტეფანესგან ითხოვს, სინოდის სხდომაზე განიხილოს პეტრე ცაავას მიერ გაჟღერებული ბრალდებები პატრიარქის მისამართით, რათა ამ ამბავზე სიმართლე გაირკვეს:

„მეუფე პეტრე უყენებს ბრალდებებს და ისევ მას სჯიან. არც მეუფე პეტრეს ვაღმერთებთ, არც საპატრიარქოს და არავის. ჩვენი ღმერთი არის უფალი იესო ქრისტე და მას ვემსახურები. მათგან ეს მაგალითი არ მოდის და იმიტომაც არ ვემორჩილები”, - ასე ხსნის დაუმორჩილებლობის მიზეზს დიაკვანი პეტრე ღუდუშაური, რომელიც წაჩხურის მონასტერში მსახურობს და, როგორც თვითონ ამბობს, იქიდან „ფეხის არსად გამდგმელი არ არის”. დასჯილი დიაკვანი ამბობს, რომ ეპისკოპოს სტეფანეს ვერსია, თითქოს კრებაზე არეულობის მომწყობები პარტიული აქტივისტები იყვნენ, „სისულელეა” და პირადად მას არა პოლიტიკა, არამედ სიმართლე აინტერესებს.

დიაკვანი პეტრე
please wait

No media source currently available

0:00 0:07:54 0:00

რის გარკვევას სთხოვენ მღვდლები ეპისკოპოსს და რატომ ლაპარაკობს ყველა ჩანაწერებზე

ჭყონდიდის ეპარქიაში, მღვდელმსახურების ერთი ნაწილი, პეტრე ცაავას მხარდამჭერები, ნებისმიერი ახალი ეპისკოპოსის დანიშვნას საპატრიარქოს მხრიდან უკანონობად მიიჩნევენ მანამ, სანამ არ გაირკვევა უფლებაშეჩერებული ეპისკოპოსის საკითხი.

„მეუფე პეტრე იძახის, გაკეთდეს დიდი კრება, მოვიყვან მოწმეებს, იმ დაზარალებულებს, ვინც განადგურებულები არიან, პატრიარქისგან შეურაცხყოფილები არიან და ითხოვს ხელშეუხებლობას, ვინც დაზარალებულები არიან, იმ ოჯახების. ხალხი ამბობს, თუ კადრები აქვს, დადოსო. კინო კი არ არის, დადოს კადრები. რომ დადოს, დაიჭერენ. ამას უნდა საპატრიარქოსგან ხელშეუხებლობის გარანტია, რომ აღსრულდება დიდი სჯულის კანონი, განიკვეთება დამნაშავე”, - ჰყვება დიაკვანი პეტრე. ის ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 8 მარტს სასულიერო პირების შეკრებაზე მოხდა როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირება.

მიტროპოლიტი სტეფანე, თავის მხრივ, ამბობს, რომ 8 მარტს, სასულიერო პირები მასთან ლაპარაკისას ახსენებდნენ ვიდეოჩანაწერებს და ამ ჩანაწერებზე მისი აზრის მოსმენას სთხოვდნენ.

„ახლა მე ეპარქიაში უკვე რამდენი შემხვდა და მეუბნებიან, აი, ვიდეოზე გაჩვენებ რაღაცებს და ამის მერე შენ იტყვი თუ არა ამას ხმამაღლა. ვამბობ ახლა ხმამაღლა, შენ რომ ვიდეოზე რაღაცებს გადაღებულს მომიტან, მე არ ვიცი, ის რა არის და ეს შეიძლება ფალსიფიკაცია იყოს. ვინც შეამოწმა, რა არის და ამდენი სასულიერო პირი ვიდეოებს ატრიალებს და ბრალს უყენებს თავის პატრიარქს, მაშინ, როდესაც საკითხი განსახილველადაც არ არის შეტანილი. ეს არის ცილისწამება, ამ ცილისწამებაზე შესაბამისად ისჯება ყველა, ვინც დასწამებს ნებისმიერ ადამიანს”, - ამბობს მიტროპოლიტი.

პეტრე ცაავა რადიო თავისუფლებასთან არ ადასტურებს, რომ მას ან მის მხარდამჭერ სასულიერო პირებს აქვთ რაიმე ვიდეოჩანაწერები, მით უმეტეს ისეთი, რომელიც პატრიარქის ჰომოსექსუალურ კავშირებს დაადასტურებს ან სექსუალური ძალადობის მტკიცებულებად გამოდგება, თუმცა, ამბობს, რომ ჰყავს არერთი მოწმე, რომელიც იმ შემთხვევაში, თუკი კრება გაიმართება და მათ დაცულობის გარანტია ექნებათ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს მხრიდან, მზადაა საკუთარი ისტორიების მოსაყოლად. პეტრე ცაავა ამბობს იმასაც, რომ სასულიერო პირის მხრიდან სექსუალური ძალადობის ერთ-ერთმა მსხვერპლმა სინოდს წერილობითაც მიმართა მისი საკითხის კრებაზე განსახილველად, თუმცა სინოდმა არათუ არ განიხილა ეს საკითხი, არც კი თქვა, რომ ამგვარი წერილი მიიღო.

დასჯილი ეპისკოპოსის თქმით, ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირების მეუფე სტეფანეთი უკმაყოფილება არ უკავშირდება მხოლოდ მის საკითხს და აქვთ პრეტენზია აღსარების გათქმასთან დაკავშირებით, რაც, მისი თქმით, სჯულის კანონის თანახმად იმდენად დიდი ცოდვაა, რომ მღვდელმსახურის ეკლესიიდან განკვეთის საფუძველს წარმოადგენს.

„თქვენც იცით და ნანახი გაქვთ, რა ხდებოდა გარედან და შიგნიდან, რომ ყვიროდნენ, ეგენი სალაპარაკოდ არ იყვნენ მოსულები, საჩხუბრად იყვნენ მოსულები, მაგრამ ჩვენ დავიწყეთ გალობა და ჩავუგდეთ სპეცოპერაცია, რომელშიც მონაწილეობდა უამრავი საინფორმაციო საშუალება, იმის გამო, რომ მათ დაუძახეს სპეცოპერაციის გასაფორმებლად”, - ასე პასუხობს მეუფე სტეფანე ბრალდებებს მის წინააღმდეგ. ისიც და საპატრიარქოც ხაზს უსვამენ, რომ 8 მარტის კრების ტელეფონით გადაღებული ვიდეოჩანაწერები იმის დასამტკიცებლად გამოდგება, რომ მოქმედი მღვდელმთავრის წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია იყო დაგეგმილი.

როგორ აღმოჩნდა მედია მღვდელმსახურების დაპირისპირებაში დაზარალებული და რატომ არის ცნობისმოყვარეობა ცოდვა

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირების დროს დაშავდა ათამდე ადამიანი, ისინი რეზიდენციის აივნიდან გადავარდნენ, როდესაც აივანზე ჩოჩქოლი ატყდა. რამდენიმეს, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც იქ განვითარებულ მოვლენებს აშუქებდნენ მაშინ, როდესაც აივნის მოაჯირი მოწყდა, მოტეხილობების და დაჟეჟილობების გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ.

მეორე დღეს მეუფე სტეფანემ ამბიონიდან ჟურნალისტების პასუხისმგებლობაზეც იქადაგა.

„ტელევიზიებიც რომ სულის ცხონებაზე ნაკლებად ფიქრობთ და თქვენი მთავარი დანიშნულება რომ თქვენი შინაგანი ცხოვრებაა [ამაზე არ ფიქრობთ]. შენ რას ქადაგებ და რას მოუწოდებ ადამიანებს, ძალიან მნიშვნელოვანია შენი სულის ცხონებისთვის - შენ თუ ბოროტებას ავრცელებ, შენი სული მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ყველა მოვკვდებით, ყველას მოუწევს აგოს პასუხი თავის ქმედებებზე. რაც უფრო მეტად უაზრო ქმედებებით გაავრცელებ ცრუ ინფორმაციას, ცილისწამებას, იქნება თავდასხმები ეკლესიაზე, ადამიანებზე, დაუმტკიცებელი ბრალი ედებათ ადამიანებს [...].

მთავარი ის კი არ არის, რომ თქვენმა ტელევიზიამ ბევრი სკანდალი გაავრცელოს, მთავარი ის არის, ხალხს ასწავლოთ, რადგან გაქვთ საშუალება, ბევრი ადამიანის სახლში შეხვიდეთ. ასწავლოთ სიმართლე, მშვიდობა, ასწავლოთ ურთიერთპატივისცემა, ურთიერთსიყვარული - ესაა მთავარი დანიშნულება იმ ადამიანებისაც, ვინც მრავალ ადამიანს წვდება და იმ [მედია] საშუალებებისაც.

რას ავრცელებენ, ეგ არის საქმე. როცა ნაგავს აყრიან ადამიანს სულში ყოველდღიურად, იმ ნაგვით კვებავენ ადამიანებს, ადამიანები ამ ნაგვით იწამლებიან. როგორც საჭმელს რომ ჭამ გაფუჭებულს, ასე გაფუჭებული ინფორმაციით, ყოველდღიურად, უამრავი ადამიანის დაზიანება ხდება. სწორედ იმის გამო არიან დაზიანებული ადამიანები, რომ არ ერიდება არავინ ნაგვის გადმოცემას პირდაღებული მაყურებლისთვის, რომლებიც თავის აზრზე აღარ არიან და ტელევიზიების გემოვნებების მიხედვით აქვთ დაყოფილი აზროვნება. ამიტომ არის საჭირო, ქრისტიანები ვიყოთ მოწყვეტილი ამ ნაკადს და ავარჩიოთ კეთილი საკვები - იმ ტელევიზორშიც შეიძლება აარჩიო ისეთი რამ, რაც არის სულისთვის სასარგებლო. როგორც წიგნებშია, ზოგი არის მავნებელი და ზოგი არის სიკეთის ფესვებით. ნაგავი არ უნდა იყოს ჩვენი სულის პრიორიტეტი - ჩვენს სულში არ უნდა იკავებდეს უმთავრეს ადგილს. შეიძლება რაღაც ეჭვი მაინც წარმოიშვეს, მაგრამ ამას უნდა მიჯნავდე ჭეშმარიტებისგან”, - თქვა ეპისკოპოსმა სტეფანემ ქადაგებისას და მრევლს შეახსენა, რომ ცნობისმოყვარეობა ერთ-ერთი ცოდვაა, რომლის გამოც ადამს და ევას სამოთხის დატოვება მოუწიათ.

ეპისკოპოს პეტრეს ქადაგება
please wait

No media source currently available

0:00 0:14:46 0:00

ჭყონდიდში გამართული სასულიერო პირების კრება 8 მარტს პოლიციის გამოძახებით და გამოძიების დაწყებით დამთავრდა. არასამთავრობო სექტორი ახლა იმაზე საუბრობს, რომ გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების გარდა გამოძიებას უნდა დაემატოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლიც და თავად გამოძიება უნდა იყოს სწრაფი და ეფექტიანი. კრებაში მონაწილე სასულიერო პირები და დაშავებული ჟურნალისტები 9 მარტს გამოძიების ფარგლებში ჩვენებას იძლეოდნენ. როდის გაიმართება ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირების მომდევნო კრება, ეპისკოპოს სტეფანეს ჯერ არ უთქვამს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG