Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხატია დეკანოიძე: ვამაყობ, რომ ოპოზიციამ ერთიანობა შეინარჩუნა


ხატია დეკანოიძე
ხატია დეკანოიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მედიატორის მეშვეობით წარმოებული მოლაპარაკებების შეთანხმების გარეშე დასრულებით, არაფერი დამთავრებულა. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან განაცხადა, რომ ოპოზიცია პოლიტიკური ბრძოლის გრძელვადიან მარათონშია ჩაბმული და მნიშვნელოვანია, რომ მან მოლაპარაკებებში ერთიანობა შეინარჩუნა:

„პირველი, რაც მიმაჩნია ყველაზე მნიშვნელოვნად, გეტყვით, რომ ეს არის ოპოზიციის ერთიანობა. მე ნამდვილად ძალიან ვამაყობ ყველა იმ ოპოზიციის წარმომადგენლით, ვინც ერთიანობა შეინარჩუნა და რეალურად საერთო ინტერესები, ქვეყნის ინტერესები არ გადადო გვერდზე, მაგალითად, კონკრეტულად რაიმე აქტისთვის, ან პარლამენტში შესვლისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ „დილის საუბრებში“. მისი თქმით, მოლაპარაკებების მაგიდაზე წარდგენილი დოკუმენტი ბოლომდე არ ასახავდა იმ სულისკვეთებას, რომელიც შარლ მიშელის გეგმას ჰქონდა. რაც შეეხება მოლაპარაკებების გაგრძელების შესაძლებლობას, ამბობს, რომ, მისი აზრით, პროცესი ნიკა მელიას მონაწილეობის გარეშე არ უნდა გაგრძელდეს:

„სამსჯელოა ამაზე პარტიაშიც, რომ შემდეგი მოლაპარაკებები თუ იქნება, არ მესახება ნიკას გარეშე ამ მოლაპარაკებებზე ოფიციალურად შესვლა იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე სანამ არის დატყვევებული და ციხეში, ძალიან რთულია რაიმე განეიტრალებაზე ვიმსჯელოთ პოლიტიკური პროცესის“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

წუხელ, თბილისში ისევ უშედეგოდ დასრულდა ევროკავშირის მედიაციით, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკება, რომლის მიზანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა.

12-18 მარტის პირველი უშედეგო ეტაპის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში 27 მარტს დაბრუნდა, მხარეებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა და 30 მარტს ხელმოსაწერად შესთავაზა კონკრეტული დოკუმენტი.

როგორც დანიელსონმა თქვა, წინადადებები ეხებოდა საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებს, ძალაუფლების გადანაწილებას, განსაკუთრებით პარლამენტში, და საკვანძო პოლიტიზებულ სასამართლო საქმეებსა და ადრეულ არჩევნებზე გაგრძელებული დებატების დასრულებას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა სამწუხარო უწოდა იმას, რომ არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს წინადადებები არ მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG