Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აცრასთან კავშირი გამორიცხულია; ექიმი გარდაიცვალა გულ-ფილტვის უკმარისობით - ჩაფიძის კლინიკა


„მედკაპიტალის“ ოჯახის ექიმის, ლალი ჯავახიშვილის გარდაცვალების მიზეზი გულ-ფილტვის უკმარისობა გახდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ჩაფიძის კლინიკაში უთხრეს, სადაც ჯავახიშვილი მკურნალობდა.

„აცრასთან არანაირი კავშირი არ არის. გამორიცხულია!“ - ამბობს პროფესორი თამაზ მაღლაკელიძე, ჩაფიძის კლინიკის პულმონოლოგი. ლალი ჯავახიშვილმა გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე გაიკეთა „ასტრაზენეკას“ კოვიდვაქცინა.

ლელა ჯავახიშვილი ჩაფიძის კლინიკაში პარასკევს საღამოს შეიყვანეს, სასწრაფო დახმარების მანქანით, ჰაერის უკმარისობით, ქოშინითა და კარდიალური ასთმის შეტევებით.

თავდაპირველად იწვა ინტენსიურ რეანიმაციულ განყოფილებაში. მოგვიანებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა და გადავიდა პალატაში, მაგრამ საბოლოოდ მდგომარეობა დამძიმდა და 4-დღიანი მკურნალობის შემდეგ, 30 მარტს საღამოს ექიმი გარდაიცვალა.

თამაზ მაღლაკელიძის განმარტებით, პაციენტს ჰქონდა ქრონიკული სუნთქვის უკმარისობა, იყო ჟანგბადდამოკიდებული და სახლში ჟანგბადის კონცენტრატორი ჰქონდა. მისივე თქმით, პაციენტი ხშირად ავადმყოფობდა და სამი თვის წინაც იწვა ჩაფიძის კლნიკაში.

„უმძიმესი პაციენტი იყო. დაბადებიდანვე გულ-მკერდის და ხერხემლის მალების მკვეთრი ანომალია ჰქონდა“, - ამბობს პროფესორი და განაგრძობს: „ფილტვების ქრონიკული ფიბროზი ჰქონდა. ღმერთმა იცის, როგორ სუნთქავდა“.

თამაზ მაღლაკელიძის რეკომენდაციით, კოვიდვაქცინით ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებიც უნდა აიცრან. თუმცა, მისივე აზრით, „უმჯობესია, იმ შემთხვევაში, თუ ქრონიკული დაავადების გამწვავება არ არის იმ პერიოდში“.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ლალი ჯავახიშვილის შემთხვევის პირველადი მოკვლევით, პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის ამ ეტაპისთვის დადგენილი არ არის. მიმდინარეობს მოკვლევა.

კლინიკა „მედკაპიტალის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ლალი ჯავახიშვილი ორი კვირის განმავლობაში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG