Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები


საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიღებაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ დააანონსა, პარლამენტმა მიიღო მესამე მოსმენით. აღსანიშნავია, რომ პროექტის ინიცირება მედიატორის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაბრუნებამდე მოხდა.

დაჩქარებული წესით განხილული და ერთხმად (86 ხმით) მიღებული კანონპროექტთა პაკეტი ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურას. კანდიდატების შესარჩევი კონკურსი გასულ წელს დაიწყო და ჯერ კიდევ გრძელდება.

კანონპროექტის თანახმად, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელმა წევრმა რომელი კანდიდატი რა შედეგით შეაფასა კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით, საჯარო ხდება და საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება. გარდა ამისა, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ყველა კანდიდატს არ შეაფასებს და შეფასებებს დასაბუთებასთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს არ გადასცემს, ითვლება, რომ იგი კანდიდატების შეფასების პროცედურაში არ მონაწილეობს და მის მიერ შეფასებული დანარჩენი კანდიდატების შედეგები უქმდება.

იცვლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევის ბოლო ეტაპზე (კენჭისყრის ეტაპზე) გადამსვლელ კანდიდატთა სიის შედგენის წესი. კერძოდ, ამ სიას იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეადგენს არა კენჭისყრის შედეგად, არამედ კანდიდატთა კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულების (საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებლების) მიხედვით.

იცვლება პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის მიზნით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კენჭისყრის გამართვის წესი, რითაც უზრუნველყოფილ იქნება, რომ პარლამენტს მხოლოდ ის კანდიდატები წარედგინოს, რომლებმაც კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეფასებისას საუკეთესო შედეგები მიიღეს (დაგროვებული ქულების მიხედვით საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებლები აქვთ).

კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრისას გამოხატული ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, მხარს დაუჭერს თუ არა იგი კანდიდატს. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საბჭოს რომელმა წევრმა რომელ კანდიდატს დაუჭირა ან არ დაუჭირა მხარი კენჭისყრაში, და კენჭისყრისას დაფიქსირებული პოზიციების დასაბუთება იქნება საჯარო და საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება.

ცვლილების თანახმად, თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ გააუქმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებული განკარგულება/წარდგინება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახალი განკარგულება/ხელახალი წარდგინება შეიძლება ერთჯერადად უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრდეს. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების/წარდგინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შედეგად მიღებული საბჭოს განკარგულება/წარდგინება აღარ საჩივრდება.

კანონში მიეთითება, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების საჯარო მოსმენა ყველა კანდიდატის მიმართ თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვით უნდა გაიმართოს.

კანონპროექტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ანრი ოხანაშვილი, მიხეილ სარჯველაძე და შალვა პაპუაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG