Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი აცხადებს, რომ დონბასში ახალი ომის გაჩაღება დაშლის უკრაინას


სერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი

კიევის ბრალდების პასუხად, რომ მოსკოვი დიდ სამხედრო ძალებს უყრის თავს ორი ქვეყნის საზღვართან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა გაფრთხილება, რომ „ახალი ომის“ გაჩაღება აღმოსავლეთ უკრაინაში ქვეყნის დაშლით დასრულდება.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ თქვა, და მისი ეს სიტყვებია დღესაც აქტუალურია, - ისინი, ვინც შეეცდებიან ახალი ომის გაჩაღებას დონბასში, - დაშლიან უკრაინას“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა 31 მარტს, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში.


რუსი მინისტრის ამ სიტყვების ფონია კონფლიქტის მორიგი ესკალაციის საფრთხე აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც 26 მარტს პრორუსულად განწყობილი სპერატისტების ტერიტორიიდან განხორცელებული იერიშის შედეგად 4 უკრაინელი სამხედრო მოკლეს და 2 დაჭრეს. უკრაინის სამხედრო სარდლობა აცხადებს, რომ მათ ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს ნაღმმტყორცნიდან.

ამას გარდა უკრაინაში ეუთოს სამოქალაქო სამეთვალყურეო მისია იტყობინება ბოლო დღეებში შეთანხმების დარღვევის ასეულობით შემთხვევის შესახებ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დასავლეთს მოუწოდა, რომ უკრაინის საზღვართან და ყირიმში მოსკოვი ზრდის თავისი შეიარაღებული ძალების რაოდენობას.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ, გამოაცხადა, რომ პენტაგონი ინფორმირებულია უკრაინის სამხედროების მიერ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების გადაადგილების შესახებ.

„რუსეთის მადესტაბილიზებელი ქმედება ძირს უთხრის სწრაფვას ვითარების განმუხტვისკენ, რომელსაც მიაღწიეს ეუთოს შუამდგომლობით დადებული შეთანხმების ძალით შარშან ივლისში, განაცხადა კირბიმ ბრიფინგზე, როცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ლაპარაკობდა.


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ტელეფონით ესაუბრა უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებას, ხოლო აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი დაუკავშირდა რუსეთის და უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელებს, იტყობინებოდა 31 მარტს სახელმწიფო დეპარტამენტი და პენტაგონი.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინას და გამოხატავს შეშფოთებას „რუსეთის მიმდინარე აგრესიის და აღმოსავლეთ უკრაინაში უსაფრთხოების მხრივ შექმნილი ვითარების გამო“.

რუსეთი უარყოფს თავისი ჯარის ყოფნას აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ის ეხმარება უკრაინელ სეპარატისტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG