Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება ყველა, ვინც არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილშია დამნაშავე


2 აპრილი ოკუპირებულ ცხინვალში წამებით მოკლული ყოფილი სამხედროს, არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა.

"დღეს ჩვენი დროის გმირი, არჩილ ტატუნაშვილი 38 წლის გახდებოდა", - წერს ფეისბუკზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, "მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება ყველა პირი, ვინც არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში არის დამნაშავე. ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და საერთაშორისო ბერკეტს".

საქართველოს პროკურატურის თანახმად, 2018 წლის 22 თებერვალს, არჩილ ტატუნაშვილი სამ პირთან ერთად იმყოფებოდა ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე. ეს ცნობილი გახდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს არჩილ ტატუნაშვილისთვის უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება, მიეყვანათ მათთვის ხელსაყრელ ადგილზე და ეწამებინათ.

საქმის მასალების თანახმად, ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნთან, არჩილ ტატუნაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს ოკუპირებული ახალგორის ე.წ. პროკურორის თანაშემწემ დავით გურწიევმა, ე.წ, უშიშროების კომიტეტის განყოფილების უფროსმა ალიკ ტაბოევმა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს სხვა თანამშრომლებმა ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ჯერ არჩილ ტატუნაშვილი, ხოლო მოგვიანებით მისი თანმხლები პირები გადაიყვანეს ახალგორის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში, საიდანაც არჩილ ტატუნაშვილი წამების მიზნით, გადასცეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს შეიარაღებულ თანამშრომლებს.

როგორც საქართველოს პროკურატურა აცხადებს, ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მიღებული დაზიანებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.

2020 წლის დეკემბერში, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებასა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ მიმართ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სხვა პირებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ დაკისრებიათ.

საოკუპაციო რეჟიმმა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა, ოჯახს ცხედარი გადასცა თითქმის ერთი თვის შემდეგ, 2018 წლის 20 მარტს. არჩილ ტატუნაშვილი დაკრძალულია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

2018 წლის მაისში, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილი, სიკვდილის შემდეგ, დააჯილდოვა ღირსების ორდენით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG