Accessibility links

logo-print logo-print

2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეა: რას გვირჩევენ ბავშვები


1967 წლიდან მოყოლებული 2 აპრილს საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ემთხვევა დანიელი პოეტისა და მეზღაპრის, ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს.

ანდერსენი, ასტრიდ ლინდგრენი, მარკ ტვენი, ძმები გრიმები ისევ ბავშვების საყვარელი მწერლები არიან, თუ თაობებთან ერთად იცვლება მათი ფავორიტებიც? რადიო თავისუფლებას თავიანთ საყვარელ წიგნებზე ის ბავშვები ესაუბრებიან, რომელთაც „ლიტერატურა ძლიერ უყვართ”.

თაზო ჯოჯუას სია

კატო ფიფია სია

ნატალი მთავრიშვილის სია

თაზო ჯოჯუა ოზურგეთის სოფელ ასკანიდან არის, მე-9 კლასშია და ხშირად

თაზო ჯოჯუა
თაზო ჯოჯუა

მონაწილეობს სხვადასხვა კონკურსში, მათ შორის არაერთხელ გამხდარა ესეების კონკურსში საპრიზო ადგილის მფლობელი. უყვარს სათავგადასავლო ჟანრის ლიტერატურა.

საბავშვო ლიტერატურიდან მისი საყვარელი წიგნების სია ასე გამოიყურება:

1. მე, ბებია, ილიკო და ილარიონი, ნოდარ დუმბაძე

კითხვა ნოდარ დუმბაძის წიგნებით დავიწყე, სიცილ-ტირილით ვკითხულობდი მის მოთხრობებს და განსაკუთრებით მომწონდა, რომ ეს კაცი ჩემს კუთხეს ასე საინტერესოდ წარმოადგენდა. მერე ჩემს ირგვლივ აღმოვაჩინე ზურიკელას, ოლღა ბებიას, ილიკოს თუ ილარიონის პროტოტიპები. ახლაც, წიგნის წაკითხვის შემდგომ, პარალელს ვავლებ ჩემს ირგვლივ მყოფ ხალხსა და წიგნის პერსონაჟებს შორის.

2. „პიტერ პენი“, ჯეიმზ მეთიუ ბარი

მახსოვს, როგორ წარმოვიდგენდი, თითქოს პიტერ პენსა და ვენდისთან ერთად ვმოგზაურობდი უცნაურ კუნძულზე.

3. ჰეკელბერ ფინი, მარკ ტვენი

„ჰეკელბერ ფინის თავგადასავალმა“ პირველად თავისუფლებაზე ჩამაფიქრა. 9-10 წლის ვიქნებოდი. მაშინ, რა თქმა უნდა, თავისუფლების არსს ვერ ჩავწვდი, მაგრამ ისეთ რამეზე დამაფიქრა, რასაც ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი.

კატო ფიფია
კატო ფიფია

17 წლის მოჭადრაკე კატო ფიფია მომავალი პროგრამისტი და ამჟამინდელი 2020 წლის მსოფლიოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულია 17-წლამდე ასაკის გოგონათა შორის. კითხვა ჭადრაკზე არანაკლებ უყვარს და ამბობს, რომ ბავშვობიდანვე „არაბავშვურ“ ლიტერატურას კითხულობდა. უყვარს ფენტეზი, ჯორჯ მარტინი, სტივენ კინგი, საშინელებათა ჟანრი და ის შეგრძნებები, რომელიც ასეთი ლიტერატურის კითხვას მოაქვს.

კატოს სია:

1. ძმები ლომგულები, ასტრიდ ლინდგრენი

კითხვა ამ წიგნით დავიწყე. ალბათ, 6-7 წლის ვიყავი, ემოციური და ცოტა მძიმე წასაკითხია. მახსოვს, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაშინ ჩემზე. ბევრი რამე დამაფასებინა იმ დროს. მთელი წიგნი იმაზეა, როგორ უყვართ და ზრუნავენ ძმები ერთმანეთზე.

2. ჰარი პოტერი, ჯოან როულინგი

არც ისე ძლიერი ლიტერატურაა, მაგრამ ძალიან სასიამოვნო წასაკითხია. მე თავიდან ბოლომდე 16 წლისამ წავიკითხე, მაგრამ, ალბათ, აჯობებს, 9-10 წლის ბავშვებმა რომ წაიკითხონ.

3. ქარის სახელით, პატრიკ როტბუსი

ფენტეზის ჟანრის წიგნია, თინეიჯერებისთვისაც საინტერესო შეიძლება იყოს და დიდებისთვისაც.

საინტერესოა იმით, რომ ავტორმა ფიზიკა, მუსიკა შემოიტანა ფენტეზიში. ძალიან განსხვავებული პერსონაჟები არიან. მეგონა, არ მომეწონებოდა მთავარი გმირის მიერ წარსულის გახსენება, მაგრამ ძალიან შევცდი და ასეთი წიგნი, დიდი ხანია, არ წამიკითხავს.

ნატალი მთავრიშვილი
ნატალი მთავრიშვილი

ნატალი მთავრიშვილი ხშირად მონაწილეობდა სასკოლო ოლიმპიადებში და არაერთხელ გამხდარა გამარჯვებული ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისევე როგორც სხვა საგნებში. იყო ტელეპროექტ „წიგნების თაროს“ მონაწილეც. ახლა აბიტურიენტია. როგორც ამბობს, პირველად არჩილ სულაკაურის „ჯადოსნური კაბა“ და „სალამურას თავგადასავალი“ წაიკითხა, შემდეგ - პეპი და შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლი, რომელმაც კითხვა შეაყვარა. რადიო თავისუფლებას კი იმ წიგნების სიას უზიარებს, რომლებმაც შეიძლება მკითხველი „ჩაითრიოს“:

1. ნუ მოკლავ ჯაფარას, ჰარპერ ლი

11-ის ვიყავი, როცა წავიკითხე. მე თვითონ ავარჩიე და ამის გამო ძალიან მომეწონა. ადამიანობასა და სამყაროს გაგებაში დამეხმარა.

2. ღრუბლების ატლასი, დევიდ მიტჩელი - ეს წიგნი 16 წელზე უფროსებისთვის უფროა. მე კარანტინის პერიოდში წავიკითხე და წიგნის ზომამ რომ არ შეაშინოს მკითხველი, ვიტყვი, რომ ძალიან ჩამთრევი სიუჟეტი აქვს. სულ მოვწყდი რეალობას. 6 ამბავი სხვადასხვა თემაზე, თითოეული სხვადასხვა დროში ვითარდება და ჟანრობრივადაც განსხვავებულია ამბები, საბოლოოდ კი ერთი სიუჟეტით იკვრება.

3. არაჯები, ალან მური

ამ კომიქსში ვითარება მეორე მსოფლიო ომის დროს ხდება. ალტერნატიული მომავალია, სადაც ადამიანები გადაწყვეტენ, რომ სამყაროს სუპერგმირები სჭირდება და თავად გახდებიან ისინი, იმისთვის რომ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ.

ნატალის საუკეთესო სამეულში არ მოხვდა მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნი, რომელმაც კითხვა შეაყვარა - „ჰარი პოტერი“. როცა წიგნის კითხვა დაიწყო, ზუსტად პოტერისხელა იყო და პერსონაჟებთან ერთად იზრდებოდა, თავს ჰერმიონასთან აიგივებდა და მოგზაურობდა ფენტეზის სამყაროში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG