Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ენკა“ სახალხო დამცველს მიმართავს, შეისწავლოს კომპანიის თანამშრომლების შეურაცხყოფის ფაქტები


ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზი“ განცხადებას ავრცელებს და სახალხო დამცველს მიმართავს, შეისწავლოს პროექტის მოწინააღმდეგეთა მხრიდან კომპანიის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების შეურაცხყოფის ფაქტები.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული. პროტესტის მონაწილეთა ერთი ნაწილის პროტესტი სცდება გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს და მიმართულია „ენკა რინიუებლზის“ ადგილობრივი მუშახელისა და მათი ოჯახის წევრების უმწვავესი ფსიქოლოგიური ზეწოლისკენ.

„რამდენიმე თვეა, რაც მოქალაქეთა ერთი ნაწილი, რომლებიც თავს „რიონის ხეობის მცველებს“ უწოდებს, კომპანია „ენკა რინიუებლზის“ თანამშრომლებს თავიანთი უფლებამოვალეობის სრულფასოვნად შესრულების შესაძლებლობას არ აძლევს. ე.წ. „მცველები“ მათზე ახორციელებენ უმწვავეს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რის გამოც კომპანიის რამდენიმე ათეული თანამშრომელი, რომლებიც ხეობის სოფლებში ცხოვრობენ, იძულებული არიან უარი თქვან სამსახურზე და ოჯახები გარანტირებული შემოსვლის გარეშე დატოვონ.

გამონაკლისი არც 2021 წლის 3 აპრილი იყო, როდესაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ ნამოხვანთან პროექტის მოწინააღმდეგეთა ამ ჯგუფმა კიდევ ერთხელ სცადა კომპანია „ენკა რინიუებლზის“ თანამშრომლების საქმიანობის ხელშეშლა, მაგრამ ამის გაკეთების საშუალება მათ პოლიციის ქვედანაყოფებმა არ მისცეს, რისთვისაც მადლობას ვუხდით სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულმა ინციდენტმა შედარებით მშვიდად ჩაიარა, კარგად გვესმის, რომ მსგავს ფაქტებს გაგრძელება აუცილებლად მოჰყვება. ჩვენს არქივში ინახება არაერთი ვიდეო მტკიცებულება პროექტის მოწინააღმდეგეთა მონაწილეობით, სადაც ისინი ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან როგორც ინვესტორი კომპანიის „ენკა რინიუებლზის“ მენეჯერებს, განსაკუთრებით სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ასევე რიგით თანამშრომლებსაც.

სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, კომპანიისთვის გაუგებარია, რა მოსაზრებით აარიდა თავი 2021 წლის 3 აპრილს სახალხო დამცველის დასავლეთ საქართველოს რეგიონალური სამმართველოს უფროსმა მადონა ბასილაძემ „ენკა რინიუებლზის“ მენეჯმენტთან და კომპანიის თანამშრომლებთან შეხვედრას. იმედი გვინდა ვიქონიოთ, რომ ეს მოხდა დროის დეფიციტიდან გამომდინარე და მსგავსი შეხვედრა აუცილებლად შედგება, რომლის დროსაც ჩვენ სახალხო დამცველის სპეციალურ წარმომადგენელს მივაწვდით სხვადასხვა ფაქტებს იმისა, როგორ არღვევს პროექტის მოწინააღმდეგეთა ერთი ნაწილი ჩვენი კომპანიის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ძირითად უფლებებს.

ამდენად, მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებული საკითხების შესწავლისას, პირადად დაინტერესდეს ქსენოფობიური და სხვა სახის დისკრიმინაციული განცხადებებით, რომლებიც კეთდება ნამახვანი ჰესის პროექტში ჩართული პირების წინააღმდეგ 2020 წლის შემოდგომიდან მოყოლებული. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული ფაქტები იქნება სათანადოდ შესწავლილი და შეფასებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

3 აპრილს, რიონის ხეობაში მთელი დღის განმავლობაში დაძაბულობა იყო. პოლიციას ბლოკირებული ჰქონდა ხეობის ის ნაწილი, სადაც ნამახვანჰესის მშენებლობა იგეგმება. იქ დილიდან ჩასული იყო ჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე. მან მოსახლეობას, პროტესტის მიუხედავად, უთხრა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები არ შეჩერდებოდა.

ამ დროისათვის, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სოფელ გუმათში, სადაც პოლიციას სოფელ ნამოხვანისკენ მისასვლელი გზა აქვს გადაკეტილი. გუმათში იმყოფება სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს უფროსი მადონა ბასილაძეც, რომელიც აცხადებს, რომ მოქალაქეებს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეთ გადაადგილებისა და პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება. ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციები გაიმართა ქუთაისშიც.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ. მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ სახელმწიფოს მოთხოვნით კომპანიის თურქი დირექტორი ქართველით შეიცვლებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG