Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი დაინიშნა, იწყება საქმის არსებითი განხილვა


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა ჩაინიშნა. 8 აპრილს, 11 საათზე გაიმართება საქმის პირველი არსებითი განხილვა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას სასამართლოში მიაწოდეს.

დააყენებს თუ არა პროკურატურა მელიას გათავისუფლების შუამდგომლობას? რადიო თავისუფლებას ამ კითხვაზე საგამოძიებო უწყებაში არ პასუხობენ.

ნიკა მელიას პატიმრობა აქვს მისჯილი აღკვეთის ღონისძიების სახით „გავრილოვის ღამის“ მოვლენების სახელით ცნობილ საქმეზე. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე აიყვანეს საკუთარ ოფისში, ასობით სამართალდამცველის მონაწილეობით მიმდინარე ოპერაციის შედეგად.

თავდაპირველად, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა გირაო და ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური, რომელიც მან დემონსტრაციულად მოიხსნა 2020 წლის 1 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საპროტესტო აქციაზე. ამის შემდეგ, ნიკა მელიას 40-ათასლარიანი გირაო შეეფარდა, რომელიც მან არ გადაიხადა. მელიას მტკიცებით, მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია პოლიტიკური მოტივაციით.

ქართული ოპოზიციური სპექტრის უდიდესი ნაწილი ნიკა მელიას პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს 2019 წლის 20-21 ივნისს, ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო მასობრივ დემონსტრაციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მის ხელმძღვანელობას ედავება. მელია ბრალს არ აღიარებს.

XS
SM
MD
LG