Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება აგრძელებს თემირლან მაჩალიკაშვილისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციას - სოციალური სამართლიანობის ცენტრი


"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" (ყოფილი EMC) აცხადებს, რომ მთავრობა პანკისში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილისა და ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობას. ამ საკითხზე მედიისა და საზოგადოების ინფორმირებისთვის ორგანიზაციამ ინფორმაცია გაავრცელა.

"მიუხედავად, იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმის გარემოებები არ წარმოადგენს ოჯახის მიერ სტრასბურგში წარდგენილი განაცხადის დავის საგანს, კომუნიკაციის ყველა ეტაპზე სასამართლოსთვის მთავრობის მიერ გაგზავნილი მოსაზრებების დიდი ნაწილი ეთმობა სწორედ თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობის წარმოჩენისა და მისი ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირების მცდელობას. სამწუხაროდ მთავრობა კვლავ ცალმხრივი და დამახინჯებული ინფორმაციითა და არგუმენტებით ცდილობს თემირლან მაჩალიკაშვილისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციას და ამ გზით, მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული ფართომასშტაბიანი უკანონო სპეცოპერაციის დაგეგმვისა და აღსრულებისას მიღებული გადაწყვეტილებების გამართლებას", - აცხადებენ "სოციალური სამართლიანობის ცენტრში".

ორგანიზაცია განმარტავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების დასაბუთებულობა არ არის სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე დავის საგანი და ეს მსჯელობა არსებითად სცდება მაჩალიკაშვილების ოჯახის განაცხადის ფარგლებს.

"სწორედ ამიტომ მივიჩნევთ, რომ საფუძველშივე უადგილო იყო მთავრობის მხრიდან ამ საკითხზე ვრცელი არგუმენტაციის წარმოდგენა და დაცვის სტრატეგიის მეტწილად თემირლან მაჩალიკაშვილის დისკრედიტაციის მცდელობებით აგება", - განმარტავენ ორგანიზაციაში.

მათი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ კომუნიკაციის საბოლოო ეტაპზე გადაწყვიტა დამატებითი სისხლის სამართლის მასალები წარედგინა, რაზეც მათ შეპასუხების უფლება აღარ აქვთ.

"სამწუხაროდ, ჩადენილი მძიმე დანაშაულის აღიარებისა და ეფექტიანი და სამართლიანი გამოძიების ნაცვლად, ხელისუფლება პირველივე დღეებიდან ცდილობს მაჩალიკაშვილების ოჯახის დევნასა და დეჰუმანიზებას... სამწუხაროდ, მთავრობამ შეცდომაში შემყვანი და აშკარად ფაბრიკაციული, სპეკულაციური და არაზუსტი ინფორმაციის გამოყენების სტრატეგია გამოიყენა ისეთ ავტორიტეტულ სასამართლოში, როგორიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. ცხადია, ჩვენ დარწუნებულები ვართ, რომ ევროპული სასამართლო მთავარობის ამ მოსაზრებებს კრიტიკულ სამართლებრივ შეფასებას მისცემს და თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ჩვენი დავის საკვანძო არგუმენტებს და პრეტენზიებს გაითვალისწინებს", - აღნიშნავენ "სოციალური სამართლიანობის ცენტრში".

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს. ის მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ დროიდან პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრილი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას მოითხოვს. პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, მაჩალიკაშვილების ოჯახს პარლამენტის შენობის წინ კარავი და ბანერი ედგა თვეების განმავლობაში. თბილისის მერიამ, ახალი წლის წინ, საპროტესტო კარვები, მათ შორის, მაჩალიკაშვილის კარავი, აიღო და იქ საბავშვო ატრაქციონები დადგა. მოგვიანებით კი, პარლამენტის წინა ტერიტორია შემოღობეს და იქ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG