Accessibility links

logo-print logo-print

ენგურის გავლით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპულებიდან ორი ქალია


მდინარე ენგურში დამხრჩვალი სამი ადამიანიდან ორი, 30 და 38 წლის ქალია. მესამე გარდაცვლილი 65 წლამდე ასაკის მამაკაცია. ამის შესახებ ერთ-ერთი გარდაცვლილის ახლობელზე დაყრდნობით სოფელ შამგონიდან იუწყება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი. გარდაცვლილები ზუგდიდის პროზექტურაში გადაასვენეს.

მაშველები ამ დრომდე ეძებენ ერთ-ერთი გარდაცვლილი ქალის ქმარს. ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრებნი მდინარე ენგურის გავლით ცდილობდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. ახლობლებს მათთან ბოლო კონტაქტი 5 აპრილს ჰქონდათ. ბოლო დღეებში მოსული წვიმის შედეგად მდინარე ენგური ადიდებულია.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რეგიონის, ძირითადად, გალის რაიონის მცხოვრებთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას სპეციალური „საშვით“ აძლევს მხოლოდ ენგურის ხიდთან მდებარე ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით. ე.წ. საზღვრის სხვა მონაკვეთები დაკეტილია.

ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრებმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საშვი, რომელიც 1000 რუბლი, დაახლოებით 45 ლარი ღირს, სოხუმში უნდა აიღონ, ამის შესაძლებლობა კი ბევრს არ აქვს.

ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ენგურის ხიდის გავლით გადასული მოქალაქეები კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 5-დღიან კარანტინს ექვემდებარებიან.

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებნი დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას და უკან დაბრუნებასაც უკვე წლებია, პერიოდულად ცდილობენ მდინარე ენგურის გავლით. მსგავსი მცდელობა ტრაგედიით არაერთხელ დასრულდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG