Accessibility links

site logo site logo

"რაში გჭირდებათ უცხოელები?!" - მეუფე იაკობი ოპოზიციას და ხელისუფლებას "შერიგებას" ისევ სთავაზობს


ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შერიგებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ეკლესიის კარი ღიაა მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკების პროცესში, რათა მხარეებს შორის უთანხმოება განიმუხტოს და კონკრეტული კონსენსუსი დადგეს. მეუფე იაკობმა ამ თემაზე დღეს ბოდბის მონასტერში ქადაგებისას ისაუბრა.

"ბევრჯერ ვთხოვე მათ, რომ ეკლესიაში მოსულიყვნენ შერიგებისთვის და გარეთ პოლიტიკაზე ელაპარაკათ. სანამ არ შერიგდებიან, ქვეყანას არაფერი ეშველება. ხალხი თუ არ დაგიდგათ გვერდში, გინდა მილიონი კარავი გაშალე, მერე რა?! მოდი, შერიგდით და მერე დაილაპარაკეთ. სამარცხვინოდ უცხოელებთან ჯდებით და ანახებთ, შინაგანი რაც გაქვთ. ჯერ რაში გჭირდებათ უცხოელები, შიგნით ვერ უნდა დაილაპარაკოთ?! არ არის ეს სირცხვილი?!" - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ქადაგებისას მან, ასევე, ისაუბრა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარვებზეც.

"ამას წინ უწმინდესთან მივდიოდი და რუსთაველზე გავიარე. თბილისი თბილისს აღარ ჰგავს. იმდენი კარავი რა არის?! რომელ წლებში ვართ ჩარჩენილი, ხალხიც არ არის. რუსთაველზე ცუდი სუნი იდგა, ეტყობა იქვე ისაქმებენ. ჩემთვის ეს იყო საშინელება. არათუ თბილისში, საქართველოში არ არის ადგილი, სადაც მასე უნდა ვიქცეოდეთ. მასეთ ადგილებს უნდა გავუფრთხილდეთ, იმიტომ რომ მანდ იყო კალო, რამდენი ადამიანი და ბავშვი დახოცეს", - თქვა მეუფე იაკობმა.

ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის შენობის წინ კარავი გაშალეს მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია დააპატიმრეს. აქციას შეუერთდნენ ზუგდიდის, თელავისა და ბათუმის "კარვების აქციების" მონაწილეები. ამ ქალაქებში საპროტესტო კარვები გაშლილი ჰქონდათ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, რადგან 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG