Accessibility links

site logo site logo

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ხელისუფლება მათ წინააღმდეგ შავ პიარს მიმართავს


აქცია ნამახვანჰესის წინააღმდეგ

სოციალური სამართლიანობის ცენტრი, მწვანე ალტერნატივა და საია აცხადებენ, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებული კრიტიკის საპასუხოდ, ხელისუფლება შავი პიარს აგორებს და მათ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს.

ორგანიზაციები ავრცელებენ მიმართვის ტექსტს, რომელშიც ნათქვამია: „ცხადად ვხედავთ სახელმწიფოსა და პროცესში ჩართული სხვა ადგილობრივი თუ ცალკეული საერთაშორისო აქტორების მხრიდან გამოყენებულ ახალ სტრატეგიას, ნამახვანი ჰესის პროექტის გარშემო არსებული მშვიდობიანი და ლეგიტიმური წინააღმდეგობა დაუკავშირონ ბრძოლას ენერგოუსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, გამოაცხადონ ის მართულად, ქსენოფობიურად, პერიფერიულად, მარგინალურად და პროექტის წინააღმდეგ არსებული კრიტიკა გეოპოლიტიკურ კონტექსტში განიხილონ“.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ნამახვანი ჰესის პროექტი შედგენილია მთელი რიგი სტანდარტების დარღვევით, ხოლო ხელშეკრულებები კაბალურ პირობებს შეიცავენ.

„ჩვენ მუდმივად გვესმის მაღალი თანამდებობის პირებისგან, მათ შორის ქალბატონი მინისტრისგან, რომ თურმე ეს პროექტი საერთაშორისო სტანდარტებით ხორციელდება და მაღალკვალიფიციური ორგანიზაციები ახორციელებენ. ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ არა მხოლოდ ხელშეკრულებები, არამედ პროცესი თუ როგორ მივიდნენ ამ ხელშეკრულებამდე ეწინააღმდეგება მთელ რიგ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს“, - ამბობს „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი.

„ჩვენ არ ვართ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების წინააღმდეგი, პირიქით. რა პრობლემა გვაქვს? გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცა ისე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევები არ იყო ჩატარებული, არ იყო გამოკვლეული რა მავნე შედეგები მოჰყვებოდა ამ მშენებლობას... ვინ აშენებს სახლს ისე, რომ არ იკვლევს სად აშენებს“, - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნიკა სიმონიშვილი.

ორგანიზიაციები საერთაშორისო აქტორებს მოუწოდებენ უფრო აქტიურად ჩაერთონ ნამახვანჰესთან დაკავშირებულ მოვლენებში, გააძლიერონ ზედამხედველობა საკითხის სამართლიანი და ეფექტიანი გადაწყვეტისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG