Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბაშის ორ სოფელში COVID-19-ის გავრცელების გამო სკოლები და საბავშვო ბაღები დახურეს


კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო საგანმანათლებლო დაწესებულებები დროებით დაიხურა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მარანსა და ტყვირში. ​

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღეში 2 სოფელში 51 კოვიდდადებითი შემთხვევა გამოვლინდა. სოფლებში პოლიციის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და ჯანდაცვის უწყებების მხრიდან რეგულაციების დაცვაზე მკაცრი კონტროლი ხორციელდება.

„სოფელ მარანში დაფიქსირდა 36 შემთხვევა, ხოლო ტყვირში 15 შემთხვევა, მათ შორის, არიან ბაღის აღმზრდელები, სკოლის მასწავლებლები და რამდენიმე მოზარდი, რის გამოც მივიღეთ გადაწყვეტილება ამ სოფლებში საგანმანათლებლო დაწესებულებები დროებით დავხუროთ. აღნიშნულ სოფელებში მიმდინარეობს მასიური ტესტირებები, ხდება სოფელში მცხოვრები ადამიანების თერმოსკრინინგი, რათა დროულად იქნას გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები და არ მოხდეს გავრცელება. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო დაიცვან რეგულაციები და ატარონ პირბადე“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ. ის არსებულ ვითარებას ადგილზე აბაშის მერთან ლევან მაკალათიასთან ერთად გაეცნო და ეპიდემიოლოგებისგან უახლესი ინფორმაცია მოისმინა.

ოფიციალური ინფორმაციით, გამოკვლეულია კოვიდდადებითი მოქალაქეების კონტაქტები. მათ ნაწილს დღეს, 8 აპრილს, ტესტირება ჩაუტარეს და პროცესი გრძელდება. მიმდინარეობს მოქალაქეების თერმოსკრინინგი და მასობრივი ტესტირება. სოფლებში მომდევნო 12 დღის განმავლობაში მკაცრი კონტროლი განხორციელდება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში ჩატარებული 34 201 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 761 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 9 პაციენტი, 537-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. ინფიცირების 761 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე მეტი - 434 თბილისშია.

XS
SM
MD
LG