Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ვეღარ ვიზამთ კოვიდპასპორტის გარეშე?


დიდი ალბათობით, ცოტა ხანში მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას კოვიდპასპორტის გარეშე ვეღარ ეწვევით.
დიდი ალბათობით, ცოტა ხანში მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას კოვიდპასპორტის გარეშე ვეღარ ეწვევით.

მალე ბარებში, კინოთეატრებში, კლუბებში (და კიდევ ბევრგან) შესაძლოა მოგთხოვონ აცრის დოკუმენტი, ან COVID-19-ზე უარყოფითი ტესტის პასუხი. სანამ ეს მომხდარა, უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებები ვალდებული არიან, იპოვონ ბალანსი ადამიანების ჯანმრთელობისა და მათი უფლებების დაცვას შორის.

ევროკომისიის გეგმის თანახმად, ზაფხულიდან ე.წ. “ციფრული მწვანე სერტიფიკატი” გაიცემა ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის მოქალაქეზე იმ შემთხვევაში, თუკი:

  • მან გაიკეთა სრული აცრა კორონავირუსის წინააღმდეგ;
  • აქვს კოვიდტესტის ნეგატიური პასუხი;
  • უკვე გადაიტანა კორონავირუსი.

ამ სერტიფიკატმა ადამიანებს ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა უნდა მისცეს.

ამ ეტაპზე ეს ინიციატივა შეეხება მხოლოდ EU-ს წევრებს და მის მიღმა რჩება საქართველო, რომელმაც მარტში უვიზო მიმოსვლის 4 წლისთავი აღნიშნა და საიდანაც ამ ხნის განმავლობაში ევროკავშირში 1.2 მილიონი ვიზიტი განხორციელდა.
ამ ეტაპზე ეს ინიციატივა შეეხება მხოლოდ EU-ს წევრებს და მის მიღმა რჩება საქართველო, რომელმაც მარტში უვიზო მიმოსვლის 4 წლისთავი აღნიშნა და საიდანაც ამ ხნის განმავლობაში ევროკავშირში 1.2 მილიონი ვიზიტი განხორციელდა.

რა სარგებელი მოაქვს კოვიდპასპორტს?

მსგავს ინიციატივაზე მხოლოდ ევროკავშირი არ მსჯელობს. პანდემიამ და მისით გამოწვეულმა შეზღუდვებმა მსოფლიო ეკონომიკას უდიდესი დარტყმა მიაყენა. მხოლოდ ტურიზმის ინდუსტრიამ, 2020 წლის აგვისტოს მონაცემებით, 1.2 ტრილიონი დოლარი იზარალა. ამ სფეროში დასაქმებულმა მილიონობით ადამიანმა სამსახური და შემოსავლის წყარო დაკარგა.

სხვადასხვა კონტინენტზე ხელისუფლებები აცხადებენ, რომ ვაქცინის მწვანე სერტიფიკატის შემოღება, რომელიც ადასტურებს, რომ მისი მფლობელი აცრილია ან კოვიდი არ აქვს, დააბრუნებს სამუშაო ადგილებს, გამოაცოცხლებს ეკონომიკას და მისცემს ადამიანებს უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობას.

“ციფრულმა მწვანე სერტიფიკატმა ევროპელების ცხოვრება უნდა გაამარტივოს. [ჩვენი] მიზანია ნელ-ნელა მივცეთ მათ ევროკაშირსა და უცხოეთში უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობა - სამუშაოდაც და ტურიზმისთვისაც”, - დაწერა ტვიტერში ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, მარტის დასაწყისში.

ჩინეთი, ინდოეთი, ისრაელი, შვედეთი, დანია, ისლანდია, ესტონეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, დიდი ბრიტანეთი, აშშ - ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, ვინც კოვიდპასპორტი უკვე შემოიღო ან მალე შემოიღებს.

ჯანდაცვა ადამიანის უფლებების ხარჯზე

თავდაპირველი გეგმის თანახმად, ევროპული კოვიდპასპორტი მხოლოდ აცრილ ადამიანებზე უნდა გაცემულიყო. განსაკუთრებით ამას ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები - საბერძნეთი, ესპანეთი და იტალია - ითხოვდნენ, მაგრამ გერმანია, საფრანგეთი და ბელგია წინააღმდეგ წავიდნენ. მათი წარმომადგენლების აზრით, მსგავსი მიდგომა იმათ უფლებებს ლახავს, ვისაც აცრა არ შეუძლია ან, უბრალოდ, არ უნდა.

კონკრეტული სიკეთეების მიუხედავად, მთავრობებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ უფლებადამცველი ორგანიზაციებიც: ძნელია, კოვიდპასპორტები ისე შემოიღო, რომ პანდემიის დროს ისედაც შეზღუდული ადამიანის უფლებები კიდევ უფრო არ დაარღვიო. უფლებადამცველების შეფასებით, საუბარია თავისუფლების ახალ, უპრეცედენტო შეზღუდვებზე და ჯერ არნახულ კონტროლზე სახელმწიფოს მხრიდან. სასწორზეა თავისუფალი გადაადგილების, სინდისის თავისუფლების, პირად მონაცემთა დაცვისა და დისკრიმინაციის საკითხები. ამასთან, ბევრ ქვეყანას ვაქცინაზე ხელი ჯერ საერთოდ არ მიუწვდება, კოვიდპასპორტების შემოღებით კი მათი მოსახლეობა კიდევ უფრო დაიჩაგრება.

“ვაქცინაციის პასპორტები თუ დამტკიცდება, ეს უთანასწორობას კიდევ უფრო გააღრმავებს. როგორც ყოველთვის, ამ მოცემულობაშიც წააგებენ ისინი, ვინც ისედაც მარგინალიზებულია, აქვს ნაკლები წვდომა ინფორმაციაზე, განათლებასა და სტაბილურ ჯანდაცვაზე”, - განუცხადა ირლანდიურ გამოცემა “The Times”-ს უფლებადამცველი ორგანიზაცია “სამოქალაქო თავისუფლებების ირლანდიური საბჭოს” დირექტორმა, ლაიამ ჰერიკმა.

ჯერჯერობით სკეპტიკურადაა განწყობილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც. მისი პრესსპიკერის, მარგარეტ ჰარისის, განმარტებით, მათ მხოლოდ უთანასწორობის პრობლემა არ აფიქრებთ.

“ჩვენ, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ვამბობთ, რომ ამ ეტაპზე არ ვისურვებდით გვეხილა ვაქცინის პასპორტი, როგორც შესვლა-გამოსვლის მოთხოვნილება, რადგან ამ ეტაპზე ზუსტად არ ვიცით, აჩერებს თუ არა ვაქცინა [კორონავირუსის] გავრცელებას”, - განაცხადა 6 აპრილს მარგარეტ ჰარისმა.

კოვიდპასპორტი ბარში შესასვლელად

მაგრამ საუბარი მხოლოდ საერთაშორისო მოგზაურობაზე არაა. როგორც ჩანს, მალე ბევრ ქვეყანაში შეიქმნება ე.წ. უსაფრთხო სივრცეები აცრილი (ან ანტისხეულების მქონე) მოქალაქეებისთვის. შესაძლოა, კოვიდპასპორტი საჭირო გახდეს ბარების, საპარიკმახეროების, თეატრების, სავარჯიშო დარბაზების, სტადიონებისa და სხვა დაწესებულებების მოსანახულებლად. ეს უკვე რეალობაა ისრაელსა და დანიაში.

მსგავსი ინიციატივით გამოვიდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავაც.

"ბიზნესს ძალიან კარგად ესმის, რომ სულ რომ არ გავამკაცროთ რეგულაციები და ისედაც 2/3 მათი თანამშრომლების დაინფიცირდეს, უკვე შეუძლებელია, რომ ბიზნესმა იმუშაოს. რა თქმა უნდა, ერთადერთი ხსნა არის ვაქცინაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამასაც ვიხილავთ და ვმუშაობთ, რომ უსაფრთხო რესტორნის, უსაფრთხო ღამის კლუბის, უსაფრთხო სასტუმროს სტატუსები იყოს, რომელიც იქნება, იმავდროულად, მიმზიდველი არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ ტურისტებისთვის. თქვენ იცით, რომ ჩვენ, მიუხედავად ყველა მოლოდინისა და რისკისა, მაინც გადავწყვიტეთ, რომ გაგვეხსნა საერთაშორისო ფრენები, გაგვეხსნა ჩვენი ბაზარი საერთაშორისო ვაქცინირებული ტურისტებისთვის, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია", - თქვა თურნავამ 6 აპრილს “რუსთავი 2”-ის ეთერში.

კოვიდპასპორტების შემოღებაზე ცხარე კამათია დიდ ბრიტანეთში. 70 დეპუტატი ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდა. ისინი აცხადებენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ქვეყანას ორად გახლეჩს და საპოლიციო სახელმწიფოდ გადააქცევს.

“ერთია, როდესაც პასპორტი საერთაშორისო მოგზაურობისთვის გჭირდება. ეს პრივილეგია და ფუფუნების საგანიც კია. მაგრამ შენი თემის ცხოვრებაში მონაწილეობა ფუნდამენტური უფლებაა”, - უთხრა BBC-ს ლეიბორისტმა დეპუტატმა შამი ჩაკრაბატიმ.

კოვიდპასპორტებზე უარის თქმის მოთხოვნით ბრიტანეთის მოქალაქეებმა ხელისუფლებას პეტიციით მიმართეს. ამ დროისთვის მას ხელი მოაწერა 377 ათასმა ადამიანმა.

როგორ დაამტკიცებთ, რომ აცრილი ხართ?

ერთ-ერთი იდეის თანახმად, უნიკალური QR კოდი მოგენიჭებათ. “უსაფრთხო ადგილას” შესასვლელად მისი წარდგენა მოგიწევთ სმარტფონის აპლიკაციის, ანდაც ამობეჭდილი სახით.

ამისთვის სპეციალური პროგრამის შექმნა გახდება საჭირო, რომლის შემქმნელებსაც წვდომა ექნებათ მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემებზე.

უფლებადამცველი ორგანიზაცია Big Brother Watch აცხადებს, რომ კოვიდპასპორტების სისტემის შემოღება საფრთხეს უქმნის ადამიანების პირად მონაცემებს. სამოქალაქო აქტივისტები განმარტავენ, რომ მსგავსი მონაცემების გამჟღავნება-არგამჟღავნება ყველა ადამიანის საერთაშორისო შეთანხმებებით დაცული უფლებაა. ისინი სვამენ კითხვას: როგორ მოხდება ამ მონაცემების გამოყენება და როგორ დაიცავენ მათ სამართალდამცავი ორგანოებისგან, კომპანიებისგან ან სხვა მესამე პირებისგან?

კოვიდპასპორტები შეთქმულების თეორიებს კვებავს

მაგრამ ზოგი ამ ფონზე კიდევ ერთ საფრთხეს ხედავს. მედიამკვლევრები აცხადებენ, რომ კოვიდპასპორტებით და იმით, თუ როგორ ზღუდავენ ისინი სამოქალაქო უფლებებს, უკვე მანიპულირებენ სხვადასხვა შეთქმულების თეორიები. ანუ კოვიდპასპორტებმა, შესაძლოა, შეამციროს ნდობა საკუთრივ ვაქცინაციის მიმართ.

აშშ-ის სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივა “Virality Project” ინტერნეტში კოვიდ-19-თან დაკავშირებულ დეზინფორმაციებს იკვლევს. მარტის ბოლოს მათ ანგარიში გამოაქვეყნეს, საიდანაც ირკვევა, რომ ყალბი ამბები უკვე კოვიდპასპორტებთან დაკავშირებითაც ვრცელდება.

“დაჯავშნილია მხოლოდ ვაქცინირებული ხალხისთვის”
“დაჯავშნილია მხოლოდ ვაქცინირებული ხალხისთვის”

ეს ფოტო პირველად დახურულ ფეისბუქჯგუფში გამოქვეყნდა. პოსტის ავტორი ამტკიცებდა, რომ ბელგიის ერთ-ერთ პლაჟზე მხოლოდ COVID-19-ისგან აცრილ ადამიანებს უშვებდნენ. როგორც შემდეგ გაირკვა, ფოტო ისრაელის ქალაქ ტელ-ავივშია გადაღებული, ბანერი კი ვაქცინაციის სარეკლამო კამპანიის ნაწილია და პლაჟებზე ადამიანების შეშვება-არშეშვების საკითხი არ განიხილება.

მკვლევრები განმარტავენ, რომ მსგავსი დეზინფორმაციები გლობალური ტრენდის ნაწილია. პანდემიის დაწყების შემდეგ კონსპიროლოგები სულ უფრო მეტს წერენ ე.წ. “ახალ მსოფლიო წესრიგზე” და იმაზე, რომ პანდემია კორპორციების, ფარმაცევტული კომპანიებისა და ხელისუფლებების შეთქმულების შედეგია, მისი მიზანი კი მოსახლეობის გაცხრილვა და გლობალური დიქტატურის დამყარებაა. აქედან გამომდინარე, Virality Project წერს, რომ დიდი რისკია, კოვიდპასპორტების გარშემო კამათმა, საბოლოო ჯამში, ანტივაქსერების წყალზე დაასხას წყალი.

რა იქნება შემდგომ?

ექსპერტები იხსენებენ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაუროდ ვაქცინაცია აქამდეც იყო საჭირო. ისინი თანხმდებიან: ამა თუ იმ სახით, კოვიდპასპორტების შემოღება ახლა აუცილებლობაა, რომელსაც მილიონობით ადამიანის კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ამიტომაც ჩვენი გადაადგილების გამაკონტროლებელი აპლიკაციები საჭირო იქნება მანამ, სანამ პანდემია არ დასრულდება.

მაგრამ რა მოხდება შემდეგ? ყველა იტყვის მასზე უარს? როგორ მოიქცევიან ავტორიტარული რეჟიმები? ხომ არ მოინდომებენ, განაგრძონ ძალადობა, უპრეცედენტო თვალთვალი და მოსახლეობის თავისუფლებების შეზღუდვა პანდემიის დასრულების შემდგომაც?

7 აპრილს უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ბევრი სახელმწიფო (მათ შორის საქართველო) ბოროტად იყენებს პანდემიის სამართავად შემოღებულ შეზღუდვებს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ.

ევროპელი დიპლომატები აღიარებენ, რომ კოვიდპასპორტების სისტემისა და კოვიდ-ტრეკერების (რომლებიც აგროვებს მონაცემებს კოვიდით დაინფიცირებული ადამიანებისა და მათი ადგილმდებარეობის შესახებ) შემოღება საჭირო, მაგრამ, ამავდროულად, უკიდურესი ზომებია.

1980 წელს ევროსაბჭომ ადამიანის პირადი მონაცემების დასაცავად სპეციალური იურიდიული დოკუმენტი “კონვენცია 108” შეიმუშავა. მასთან არსებული კომიტეტის თავმჯდომარის, ალესანდრა პერუჩის თქმით, ყოველთვის არსებობს რისკი, რომ საგანგებო ზომები დროთა განმავლობაში სისტემის ნაწილი გახდეს. ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თავიდანვე კარგად გავთვალოთ ყველა პროცედურა და მექანიზმი.

“უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ჩვენ მიერ შემოღებული უკიდურესი ზომები საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე გაუქმდება და ჩვენ მონაცემთა დაცვის “ჩვეულ” რეჟიმს დავუბრუნდებით”, - განაცხადა ალესანდრა პერუჩიმ.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG