Accessibility links

site logo site logo

ნამოხვანში, ჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ჩასული კაცი რიონში გადახტა


ჰესის მშენებლობის ადგილი

წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში, ორდღიანი წვიმის შედეგად ადიდებულ რიონში გადახტა 30 წლამდე კაცი, რომელიც ჰესის საწინააღმდეგო აქციას ერთი დღის წინ შეუერთდა.*

„სრულიად მოულოდნელად მოხდა. ნაპირთან იდგა ორი ადამიანი. ერთ კაცს მისცა ტელეფონი, ჩემ მეგობარს გადაეციო, გადახტა წყალში და გაცურა. რამდენიმე ადამიანი შევიდა წყალში და ეხვეწებოდნენ გამოდიო. პოლიციაც ხედავდა და ამდენი ხალხი ეუბნებოდა აქეთ გამოცურეო. ის მაინც მიცურავდა და წყალმა წაიღო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „რიონის ხეობის მცველი“ მარიტა მუსელიანი.

უცნობია, როგორ შეძლო ახალგაზრდა კაცმა ნამოხვანში შეღწევა, რადგან ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია 3 აპრილიდან. სოფელ გუმათში საპოლიციო ძალები აკონტროლებენ ხეობის შესასვლელს. გზა გადაკეტილია რკინის ჯებირებით და პოლიციელები ამოწმებენ როგორც კერძო, მსუბუქ ავტომანქანებს, ასევე სამგზავრო მიკროავტობუსებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სამართალდამცველები არ ატარებენ იმ პირებს, რომლებიც, მათი აზრით, შესაძლოა სოფელ ნამოხვანში კარვებში მყოფ აქტივისტებს შეუერთდნენ.

მარიტა მუსელიანის თქმით, რიონში დაკარგული კაცი ნამოხვანში, ერთ მეგობართან ერთად, 8 აპრილის საღამოს ჩავიდა და იქ მყოფებს ეხმარებოდა.

„გაცნობაც ვერ მოვასწარით. მისი სახელი და გვარიც კი არ ვიცით“, - ამბობს მარიტა და განაგრძობს: „ორი ახალი რომ მოვიდა, ვუთხარი დანარჩენებს, რომ მიექციათ ყურადღება. ხომ შეიძლება აგრესიული იყოს ადამიანი?! არაფერი გამომწვევი არ უქნია. საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ“.

მუსელიანის თქმით, ინციდენტის შემდეგ, პოლიციამ იქვე გააცალკევა ახალგაზრდა კაცის მეგობარი და აქტივისტებს მასთან კონტაქტი აღარ ჰქონიათ.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 167 დღეა კარვებია გაშლილი. აქტივისტებმა ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც. სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ დირექტორის მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა. კომპანიამ გასული წლის ზაფხულიდან რამდენიმე ადგილზე ერთდროულად დაიწყო მშენებლობა და მოსამზადებელი სამუშაოები. უკვე აშენებულია 500 ადამიანზე გათვლილი დროებითი ბანაკი, დაწყებულია ბეტონის ქარხნის და ჰესების მშენებლობისთვის საჭირო გზებისა და ხიდების მშენებლობა.

*თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ კაცი დაიღუპა. რიონში გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის სამძებროოპერაცია მასალის წერის მომენტში ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG