Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს ნამოხვანზე: კარვების გატანა რიონში წყლის დონის მომატების მოლოდინს უკავშირდება


Georgia -- Protest action, Namokhvani, video grab
Georgia -- Protest action, Namokhvani, video grab

შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ზონიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ მდინარე რიონში წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.

„სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ჰიდროლოგიური მონაცემებით, მდინარე რიონის წყლის დონე ამ ეტაპზე აღემატება სასიგნალო ნიშნულს და არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფრთხის თავიდან აცილების და აქციის მონაწილეთა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის თანახმად მიიღო გადაწყვეტილება საფრთხის შემცველი ზონიდან კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„რიონის ხეობის მცველების“ განცხადებით, მათ იმერეთის სამხარეო პოლიციიდან შეატყობინეს, რომ კარვები რიონში გაუჩინარებული კაცის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს უშლიდა ხელს. აქციის მონაწილეებისთვის არცერთი მიზეზი არ არის დამაჯერებელი. მათი განცხადებით, ხელისუფლება ხელოვნური მიზეზების მოშველიებას ცდილობს, რათა კარვები აშალოს.

სოფელ ნამოხვანში კარვების აღების პროცესი პოლიციამ დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო. ამ დროს აქციის მთავარი ორგანიზატორები და მათ შორის - ვარლამ გოლეთიანი სოფელ გუმათში იმყოფებოდნენ და მათ სამართალდამცველები ნამოხვანისკენ არ უშვებდნენ.

30 წლამდე მამაკაცი 10 აპრილს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, ადიდებულ მდინარე რიონში გადახტა. ოფიციალური ინფორმაციით, პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

რიონის ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია 3 აპრილის შემდეგ და სოფელ გუმათში საპოლიციო ძალები აკონტროლებენ ხეობის შესასვლელს. გზა გადაკეტილია რკინის ჯებირებით და პოლიციელები ამოწმებენ როგორც კერძო, მსუბუქ ავტომანქანებს, ასევე სამგზავრო მიკროავტობუსებს.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 168 დღეა კარვებია გაშლილი. აქტივისტებმა ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც. სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ დირექტორის მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

სოფელ გუმათში აქცია იმართება. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, აქციის მონაწილეები ცდილობდნენ ხელი შეეშალათ სატვირთო ავტომობილის გადაადგილებისთვის. ისინი აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG