Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიონის მცველებმა ჯებირები გაარღვიეს და ცდილობენ ნამოხვანისკენ გადაადგილებას


რიონის მცველებმა, რომლებიც თითქმის 170 დღეა უწყვეტი პროტესტით ითხოვენ, შეჩერდეს ხეობაში ჰესის მშენებლობა, პოლიციის აღმართული ჯებირები გაარღვიეს. ისინი ცდილობენ ახლა სოფელ ნამოხვანში იმ ადგილამდე მივიდნენ, სადაც უწყვეტ პროტესტს მართავდნენ.

მცდელობის მიუხედავად, პოლიციამ მოქალაქეები უკან გამოაბრუნა და ხელახლა აღმართეს რკინის ჯებირები.

"დავიძარით ჩვენ და ვითხოვდით გზის გახსნას. როგორც კი დავინახეთ, რომ შეიძლებოდა ვინმე დაზიანებულიყო, დავიწიეთ უკან. ვითხოვთ, გაგვიშვან და ნუ აქვთ ბლოკირებული ხეობა", - უთხრა მედიასაშუალებებს რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა.

რამდენიმე ათეული ადამიანი ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად კიდევ ერთხელ დღეს იმ ჯებირთან შეიკრიბა, რომელიც პოლიციამ აღმართა. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ასეული პოლიციელი.

სოფელ ნომოხვანში პოლიციამ კვირა საღამოს რიონის ხეობის დამცველების კარვები დაშალა. პროტესტის მონაწილეებს მათი საპროტესტო ადგილი გადახნული დახვდათ. შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ზონიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო იმის გამო, რომ მდინარე რიონში წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება.

რიონის ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია 3 აპრილის შემდეგ და სოფელ გუმათში საპოლიციო ძალები აკონტროლებენ ხეობის შესასვლელს. გზა გადაკეტილია რკინის ჯებირებით და პოლიციელები ამოწმებენ როგორც კერძო, მსუბუქ ავტომანქანებს, ასევე სამგზავრო მიკროავტობუსებს.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 168 დღეა კარვებია გაშლილი. აქტივისტებმა ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც. სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ დირექტორის მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG