Accessibility links

site logo site logo

კელი დეგნანი: პარლამენტის არჩეულმა წევრებმა მუშაობა უნდა დაიწყონ ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემები მთელი მთავრობისა და პარლამენტის სრული შემადგენლობით მუშაობას მოითხოვს. ელჩმა მედიისათვის მიცემულ კომენტარში პოლიტიკური კრიზისის დროულად გადაჭრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და გამოთქვა იმედი, რომ პარტიები შეთანხმებისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს კომპრომისის საფუძველზე მიიღებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ეს კრიზისი გადაჭრან. საზოგადოებისგან გვესმის, რომ იგი ელოდება კრიზისის გადაჭრას რაც შეიძლება სწრაფად და მალე, რათა პარლამენტის არჩეულმა წევრებმა მუშაობა დაიწყონ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. ეს გამოწვევებია კოვიდი, ეკონომიკა, ცვალებადი რეგიონული დინამიკა. ეს გამოწვევები, საქართველოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მოითხოვს მთელი მთავრობისა და მთელი პარლამენტის მუშაობას.

პარტიები ერთმანეთთან მოლაპარაკებებს განაგრძობენ, გვინდა, რომ ეს შესაძლებელი იყოს ფასილიტაციით და დიალოგის გაგრძელებით. მე მჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე და კომპრომისების საფუძველზე მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რაც შეთანხმებისთვისაა საჭირო“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

31 მარტს თბილისში ისევ უშედეგოდ დასრულდა ევროკავშირის მედიაციით, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკება, რომლის მიზანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა.

12-18 მარტის პირველი უშედეგო ეტაპის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში 27 მარტს დაბრუნდა, მხარეებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა და 30 მარტს ხელმოსაწერად შესთავაზა კონკრეტული დოკუმენტი.

როგორც დანიელსონმა თქვა, წინადადებები ეხებოდა საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებს, ძალაუფლების გადანაწილებას, განსაკუთრებით პარლამენტში, და საკვანძო პოლიტიზებულ სასამართლო საქმეებსა და ადრეულ არჩევნებზე გაგრძელებული დებატების დასრულებას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა სამწუხარო უწოდა იმას, რომ არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს წინადადებები არ მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG