Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა: რუსეთი უგულებელყოფს დიალოგისკენ მოწოდებებს


უკრაინა აცხადებს, რომ ითხოვა რუსეთთან მოლაპარაკების გამართვა, უკრაინის აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის განხილვის მიზნით, თუმცა ჯერ პასუხი არ მიუღია. ამ განცხადებას უარყოფს მოსკოვი.

კიევი და დასავლეთი რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს - მათ, ვინც უკრაინის აღმოსავლეთის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის ნაწილებს აკონტროლებენ - სდებენ ბრალს ბოლო ხანებში დაძაბულობის ესკალაციაში, მოსკოვი კი თითს კიევისკენ იშვერს.

ბოლო პერიოდში გავრცელებული ფოტოები, ვიდეოჩანაწერები და სხვა მასალები აჩვენებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ინტენსიურად გადაადგილდებიან უკრაინის საზღვრისკენ, ან მის სიახლოვეს, ისევე, როგორც ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, რაც ზრდის შეშფოთებას, რომ მოსკოვი უკრაინაში სამხედრო ძალების გასაგზავნად ემზადება.

12 აპრილით დათარიღებულ განცხადებაში, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ, მოსკოვსა და საერთაშორისო პარტნიორებთან არსებული შეთანხმების თანახმად, რუსეთის მხარეს ოფიციალურად მიმართეს თხოვნით, განმარტოს რუსეთის სამხედროთა რაოდენობის "მნიშვნელოვანი მატება" უკრაინის საზღვართან და მის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

"სამწუხაროდ, რუსეთის მხარემ უარი განაცხადა წარმოედგინა არსობრივი ინფორმაცია, ამ თხოვნის შესაბამისად და განაცხადა, რომ ამგვარ ქმედებებს არ ახორციელებს", - ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ კიევი რუსეთს მოუწოდებს, "გაიყვანოს სამხედროები უკრაინასთან საზღვრიდან, შეწყვიტოს მტრული რიტორიკა და დეზინფორმაცია".

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივანმა, იულია მენდელმა 12 აპრილს დასძინა, რომ პრეზიდენტის ოფისმა "ცხადია" ითხოვა პირდაპირი საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, მაგრამ პასუხი არ მიუღია. "ვიმედოვნებთ, რომ ეს არ არის დიალოგზე უარი", - ამბობს მენდელი.

მოსკოვში, კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ "არაფერი იცის" ამგვარ თხოვნაზე, - იუწყებიან რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG