Accessibility links

site logo site logo

ინსპექტორმა პოლიციელთა მიერ უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო


სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მიერ შეკრების მონაწილეების მიმართ განხორციელებული უფლებამოსილების სავარაუდო ძალადობით გადამეტების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. მოკვლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს. შემთხვევა 2021 წლის 12 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან მოხდა, მოკვლევა კი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შესული განცხადების საფუძველზე დაიწყო:

„განცხადების მიღების შემდგომ, დაუყოვნებლივ განხორციელდა განმცხადებელთან კომუნიკაცია გამოკითხვის მიზნით, თუმცა მისი სურვილით საგამოძიებო მოქმედება გადაიდო შემდეგი დღისთვის. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ საქმეზე ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, - აღნიშნავენ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში.

აფხაზეთის მთავრობის შენობასთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით 6 ადამიანი დააკავეს. იქ შეკრებილი ადამიანები მოითხოვდნენ, გაუქმდეს 5-დღიანი კარანტინის ვალდებულება ოკუპაციის ხაზს მიღმა ტერიტორიიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემთხვევაში.

სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის აქციაზე დაპირისპირება მოხდა. სამოქალაქო აქტივისტები შენობაში შესვლას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ. სამართალდამცავებმა მათ ამის უფლება არ მისცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG