Accessibility links

site logo site logo

გიორგი გახარიას პარტიაში გასაწევრიანებლად "ქართული ოცნება" დატოვა 6-მა დეპუტატმა


პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს დეპუტატებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ და მიხეილ დაუშვილმა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ ისინი გიორგი გახარიას გუნდის წევრები და თანამოაზრეები არიან, საერთო ფასეულობები აქვთ და მასთან ერთად მიღებული გადაწყვეტილებით გადადიან ახალი პარტიის მშენებლობაზე:

"ჩვენ ვიყავით "ქართული ოცნების" წევრები და შესაბამისად ვიზიარებთ იმ წარმატებებსა და წარუმატებლობებს, რაც ამ პერიოდში მოხდა. ვგრძნობთ პასუხისმგებლობას შეცდომებზეც და სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძნობით ვდგამთ ამ ნაბიჯს".

ხოჯევანიშვილის თქმით, ქვეყანა და მოქალაქეები არიან სერიოზული გამოწვევების და პრობლემების - პანდემიის, უმუშევრობის და ეკონომკური კრიზისის წინაშე და მოსახლეობას აინტერესებს ამ პრობლემების მოგვარება და არა პოლიტიკური პარტიების დაუსრულებელი დაპირისპირება. მისივე განცხადებით, არ ეშინიათ სიმართლის თქმის და პრობლემებისთვის თვალის გასწორების, სამომავლო გეგმებზე კი გუნდის ლიდერთან ერთად მოგვიანებით ილაპარაკებენ.

"ქართული ოცნების" უმრავლესობიდან გასული წევრები პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებენ. დღევანდელ პრესკონფერენციას არ ესწრებოდა მხოლოდ მიხეილ დაუშვილი, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული.

უმრავლესობიდან 6 დეპუტატის გასვლის შემდეგ, "ქართულ ოცნებას" პარლამენტში 84 წევრი ჰყავს.

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებიდან 3 მაჟორიტარია და 3 პარტიული სიით არჩეული. გიორგი ხოჯევანიშვილი პარლამენტში გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატად არჩევამდე შიდა ქართლის გუბერნატორი იყო. სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ამჟამად აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატია, ხოლო მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი შალვა კერესელიძე მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი.

„ქართული ოცნების“ პარტიული სიით არჩეული ანა ბუჩუკური გიორგი გახარიას მთავრობაში იყო პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე, ბექა ლილუაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, მიხეილ დაუშვილი კი ბიზნეს-ომბუდსმენი.

გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა და მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების გამო აზრთა სხვადასხვაობა მასსა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებს შორის.

22 მარტს, გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩება და პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG