Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კახიანი ფიქრობს, რომ უმრავლესობის რიგებს აღარავინ დატოვებს


გიორგი კახიანი
გიორგი კახიანი

დეპუტატი გიორგი კახიანი საპარლამენტო უმრავლესობიდან 6 წევრის გასვლის შემდეგ ამბობს, რომ უმრავლესობის რიგების კიდევ შემცირება მოსალოდნელი არ არის. მისი თქმით, ნებისმიერი წევრის გუნდიდან გასვლა სასიამოვნო ფაქტი არ არის, თუმცა ამით უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება:

„უმრავლესობაში არის ამ გასვლის შემდგომ 84 წევრი დარჩენილი. მოგეხსენებათ, რომ 76 წევრი სჭირდება უმრავლესობის არსებობას და მე ვერ ვხედავ ვინმეს ისეთს, ვინაც შეიძლება კიდევ დატოვოს უმრავლესობის რიგები“, - უთხრა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს. იგი აღნიშნავს, რომ პარტია, რომელსაც სავარაუდოდ გიორგი გახარია შექმნის, მმართველ პარტიას კონკურენციას ვერ გაუწევს. მისივე თქმით, მიესალმება ნებისმიერი ახალი კონსტრუქციული გუნდის შექმნას, რომელიც „რადიკალურ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაანაცვლებს.

მანამდე, თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ახალი გუნდის შექმნით უფრო მეტი სანერვიულო ექნება ოპოზიციას, რომელმაც უარი თქვა პარლამენტში ყოფნაზე და ქუჩა აირჩია.

„პოლიტიკაში ასე ხდება, როდესაც ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა, ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია, ამას გვიჩვენებს შემდეგი პროცესი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ, რომელმაც 6 დეპუტატის უმრავლესობიდან და პარტიის რიგებიდან გასვლა არასწორ ნაბიჯად შეაფასა. მან თქვა, რომ ის არათანმიმდევრულობა, რომელიც გიორგი გახარიამ ბოლო რთული გადაწყვეტილებების მიღებისას და გუნდთან ურთიერთობაში გამოავლინა, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.

პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს დეპუტატებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ და მიხეილ დაუშვილმა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ ისინი გიორგი გახარიას გუნდის წევრები და თანამოაზრეები არიან, საერთო ფასეულობები აქვთ და მასთან ერთად მიღებული გადაწყვეტილებით გადადიან ახალი პარტიის მშენებლობაზე.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან გასული წევრები პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებენ.

გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა და მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების გამო აზრთა სხვადასხვაობა მასსა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებს შორის.

22 მარტს, გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩება და პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG