Accessibility links

site logo site logo

"გახარიას გუნდში" უარყოფენ, რომ მომავალი პარტიის უკან ივანიშვილი დგას


გიორგი გახარია

„გახარიას გუნდში“ ჯერჯერობით არ ასახელებენ პარტიის შექმნის კონკრეტულ თარიღს და არც იმას ამბობენ, ხომ არ იქნება გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი 2021 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობას 6 დეპუტატი ტოვებს და გიორგი გახარიასთან ერთად ახალ პარტიას ქმნის, ყოფილი პრემიერის თანაგუნდელმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ კანდიდატებზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრეა.

ამასთან, ხოჯევანიშვილის თქმით, გუნდი დაიწყებს მზადებას, იქნება ეს თვითმმართველობის თუ სხვა არჩევნები. ჟურნალისტების შეკითხვას, დაუჭერენ თუ არა მხარს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას, გიორგი ხოჯევანიშვილმა უპასუხა, რომ მხარს დაუჭერენ ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც „განმუხტავს რადიკალიზაციას და განხეთქილებას საზოგადოებაში“.

მედიის შეკითხვას, გახარიას გუნდს პარლამენტში სხვა თანამოზარეებიც ხომ არ გამოუჩნდებიან, რამაც შესაძლოა, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დაშლა გამოიწვიოს, ხოჯევანიშვილმა უპასუხა, რომ არსებული პროცესები აძლევთ თანამოაზრეთა რაოდენობის გაზრდის ვარაუდის საფუძველს.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი გახარიას პარტიის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ეს „რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს“.

დღეს პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს დეპუტატებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ და მიხეილ დაუშვილმა, რომლებიც თავს უწოდებენ გიორგი გახარიას გუნდის წევრებს და მასთან ერთად ახალ პარტიას ქმნიან.

უმრავლესობიდან 6 დეპუტატის გასვლის შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 84 წევრი ჰყავს.

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებიდან 3 მაჟორიტარია და 3 პარტიული სიით არჩეული. გიორგი ხოჯევანიშვილი პარლამენტში გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატად არჩევამდე შიდა ქართლის გუბერნატორი იყო. სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ამჟამად აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატია, ხოლო მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი შალვა კერესელიძე მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი.

„ქართული ოცნების“ პარტიული სიით არჩეული ანა ბუჩუკური გიორგი გახარიას მთავრობაში იყო პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე, ბექა ლილუაშვილი - პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, მიხეილ დაუშვილი კი - ბიზნესომბუდსმენი.

გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა და მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების გამო აზრთა სხვადასხვაობა მასსა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებს შორის.

22 მარტს, გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩება და პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG