Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუმათში აქციის მონაწილეები ადგილს იცვლიან მოსალოდნელი პროვოკაციების გამო


სოფელ გუმათში "რიონის ხეობის მცველები" საპროტესტო ადგილს იცვლიან შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილების და მათი პროტესტის მშვიდობიანი ბუნების შენარჩუნების მიზნით. ვარლამ გოლეთიანმა, საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა ამის შესახებ განცხადება და თქვა, რომ არსებობს საფრთხე, ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები აქ შეხვდნენ ერთმანეთს და მოხდეს პროვოკაციები - პოლიცია ამ სცენარის შესახებ ინფირმირებულია, თუმცა არ აჩვენებს მზაობას, განმუხროს დაპირისპირება. სწორედ ამის გამო იცვლიან "რიონის ხეობის მცველები" ადგილს.

გუმათში დილიდან იმყოფება ულტრანაციონალისტური გაერთიანება "ქართული მარში", რამდენიმე საათის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნამახვანჰესის პროტესტის შესაერთებლად თბილისიდან სამი ავტობუსით მიდის დომენიკ მანგო, რომელიც თავის თავს აქტივისტად მიიჩნევს. დაპირისპირებაც სწორედ მათ შორისაა მოსალოდნელი.

"რამდენიმე ისეთი ჯგუფი იყრის თავს, რომლებსაც ისტორიული დაპირისპირება აქვთ ერთმანეთთან და შეიძლება ადგილზე დაიძაბოს ვითარება. ჩვენ არ გვინდა პოლიციამ გამოიყენოს ეს შანსი, დიდი ხანია ელოდებიან რაიმე მნიშვნელოვან პროვოკაციაზე წამოგვაგონ და ამით გაანეიტრალონ ჩვენი პროტესტი. ჩვენ მოვუწოდეთ სამხარეო პოლიციის უფროსსაც, რომ მიეღო შესაბამისი ზომები, მაგრამ თქვა, რომ არაფრის გაკეთებას არ აპირებენ. წინასწარ არანაირ კონსპირაციას არ ვავითარებთ, მაგრამ ვამბობთ, რომ თუ აქ ექნება შეხლა-შემოხლას ადგილი, ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. თუ მსგავს შემთხვევას ექნება ადგილი, ყველა გადავალთ კარვის მხარეს და ვისაც უნდა დაპირისპირება, მიეცემა ეს ასპარეზი ალბათ მათ ამისთვის. მოვუწოდებ ყველას, შეინარჩუნოს სიმშვიდე" - თქვა ვარლამ გოლეთიანმა კონკრეტული გვარების დასახელების გარეშე შესაძლო პროვოკაციაზე საუბრისას. .

"ჩვენ არ დავუშვებთ პროვოკაციებს, განსაკუთრებით მობილიზებული ვართ პოლიციის კორდონის წინ ჩვენი მონაწილეებით, რათა უზრუნველვყოთ პროცესების მართვა მშვიდობიან და კონსტრუქციულ ფორმატში" - ამბობდა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, მირზა ნოზაძე მანამ, სანამ ცნობილი გახდებოდა, რომ გუმათისკენ მიდიოდა დომენიკ მანგო. ამ დროისთვის ადგილზე მხოლოდ ქართული მარშის წარმომადგენლები იყვნენ და მათ შესახებ "რიონის ხეობის მცველი" ამბობდა, რომ ქართული მარშის "განცხადებები არის ყოველთვის სოლიდარობის გამომხატველი" და "ისინი პატივს სცემენ ორგანიზატორების შეხედულებებს პროტესტის წარმართვის პროცესის მიმართ."

"ნუ ცდილობთ წარმოაჩინოთ მარში, როგორც კონკრეტული ჯგუფი, რომელიც შემოუერთდა კონკრეტული მიზნებისთვის. ეს არის ის არასწორი შეფასება და განწყობების შექმნა, რომელიც ქმნის არასაჭირო განწყობებს და ემოციებს საზოგადოებაში"- უთხრა ჟურნალისტებს მირზა ნოზაძემ.

დომენიკ მანგო "ქვეყნის შიდა ბორდერიზაციას" უწოდებს იმას, რაც რიონის ხეობაში ხდება. კომპანია "ენკას" საწინააღმდეგო აქციაზე წასვლის სურვილი საჯაროდ ფეისბუქის საშუალებით გამოთქვა და თხოვა თანამოაზრეებს შეერთებოდნენ პროტესტს.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება. 3 აპრილის შემდეგ პოლიციას შეზღუდული აქვს გადაადგილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG