Accessibility links

site logo site logo

ნესტან ლონდარიძე: დავით სარალიძის საქმე ჯერ არ დასრულებულა


ხორავას ქუჩაზე დაპირისპირების შედეგად მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ინტერესების დამცველი ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის დაკავებით ეს საქმე ჯერ არ დასრულებულა. რადიო თავისუფლებას ლონდარიძე ეუბნება, რომ ახლა აუცილებელია ყველამ იმ საჯარო მოხელეს წაეყენოს ბრალი, რომელმაც საქმის გამოძიებას ხელი შეუშალა.

"ჯერ-ჯერობით ვერ ვიტყვით, რომ საქმე დასრულდა მანამ, სანამ იგივე შედეგი არ დაგდება სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით. ჩვენ ვგულისხმობთ იმ თანამდებობის პირების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელთა მიერაც გადადმულმა ნაბიჯებმა მიიყვანა ეს საქმე აქამდე, რომ 3 წელი დასჭირდა სიმართლის დადგენა", - ამბობს ლონდარიძე.

ის საქმის მასალებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ამ ეტაპზე ყველა პირი გამოვლენილია (პატიმრობაშია ან ბრალი აქვს წაყენებული), რომელიც შეიძლება სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობდა. უშუალოდ გიორგი მენაბდის ბრალდების წაყენების მტკიცებულებებს დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატი ჯერ არ იცნობს.

მკვლელობიდან 3-წლისთავზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად მოკლული დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით გიორგი მენაბდე დააკავა. დაკავებული დეკანოზ შიო მენაბდის შვილია, რომელსაც დავით სარალიძის მამა სავარაუდო მკვლელებს შორის მოიაზრებდა. თუმცა ამ მიმართულებით თავდაპირველად გამოძიება აღარ წასულა.

​საქმეზე ბრალდებულები

2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, არასრულწლოვან დავით სარალიძეს მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები. მასთან ერთად მოკლეს ლევან დადუნაშვილი.

ამ საქმეზე 2019 წლის 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. გიორგი ჯანაშიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა. პირველი ინსტანციის - თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი, 10 წლით და 6 თვით პატიმრობა დაუმძიმა და 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს, სამართალდამცავებმა დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს მიხეილ კალანდია, რომელსაც მანამდე მოწმის სტატუსი ჰქონდა.

2020 წლის 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ სცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირა და საბოლოოდ, საპატიმრო სასჯელად განუსაზღვრა 11 წელი და 3 თვე. 21 აპრილს კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატამ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი.

ყველაფერი ხორავას ქუჩის საქმეზე ნახეთ აქ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG