Accessibility links

site logo site logo

ცივი იარაღით დაჭრილი პოლიციელი კლინიკიდან სახლში გაწერეს


პოლიციელი, რომელიც კახეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სავარაუდო მოძალადემ ცივი იარაღიც დაჭრა, საავადმყოფოდან გაწერეს.

რადიო თავისუფლებას ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაში განუცხადეს, რომ პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არ საჭიროებს კლინიკაში დარჩენას.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნიკოლოზ ყარალაშვილის თქმით, პოლიციელს დაზიანება ჰქონდა ზედა კიდურის არეში, მას ჭრილობა დაუმუშავეს და სახლში გაწერეს. პოლიციელი დღეს, 18 აპრილს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრეს. შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მოხდა.

დაჭრამდე, 40 წლის მამაკაცის მშობლები გადაუდებელი დახმარების ერთიან ცენტრს 112-ს დაუკავშირდნენ და შვილის დაკავება სთხოვეს იმ მიზეზით, რომ მამაკაცი აგრესიული იყო და ოჯახის წევრებს მოკვლით ემუქრებოდა.

ადგილზე დასახმარებლად გამოძახებულ სამართალდამცველს კი სავარაუდო მოძალადე ცივი იარაღით გაუსწორდა. 40 წლის მამაკაცი დაკავებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG