Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანექსიის პირდაპირი საფრთხე და უკანონო დაკავებები - სუს-ი ანგარიშს აქვეყნებს


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოს პარლამენტს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2020 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან გამოწვევად დარჩა ანექსიის პირდაპირი საფრთხე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხს ღიად უჭერს მხარს. ამ მიმართულებით გადადგმულ მორიგ ნაბიჯს წარმოადგენს ოკუპირებულ ცხინვალსა და რუსეთის ფედერაციას შორის ე.წ. საბაჟო პროცედურების გამარტივება. სუს-ი აღნიშნავს, რომ 2020 წლის დეკემბერში რუსეთ-საქართველოს საზღვრის როკის მონაკვეთზე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საბაჟო პუნქტი გაუქმდა და „შესაბამისი პროცედურები ერთობლივად ხორციელდება მხოლოდ რუსეთში, ქვემო ზარამაგზე“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, ეს მიზნად ისახავს ე.წ. სტრუქტურების ეტაპობრივ გაუქმებას და მათ რუსულ უწყებებში ინტეგრირებას.

ფაქტობრივი ანექსიის კონტექსტში სუს-ი განიხილავს 2020 წლის 12 ნოემბერს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის „დამტკიცებას“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ე.წ. პროგრამა ფინანსურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში, ე.წ. სამართლებრივი ბაზის „ჰარმონიზაციას“ ითვალისწინებს. ამასთან, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობის „მინიჭებისა“ და მათზე უძრავი ქონების, მათ შორის, ე.წ. სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების „გასხვისების“ შესაძლებლობას აჩენს. როგორც სუს-ი მიუთითებს, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მაღალი ალბათობით, რუსეთის ფედერაციამ ზემოხსენებულ ე.წ. დოკუმენტზე ხელმოწერისთვის ოკუპირებულ რეგიონზე ზეწოლა ფინანსური დახმარების საკითხის გამოყენებით განახორციელა. გასათვალისწინებელია, რომ საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მიერ კიდევ ერთხელ გააქტიურდა ოკუპირებული აფხაზეთის სიღრმეში, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მდებარე ოკუპირებული გაგრის რაიონის სოფელ აიბღას „რუსეთისთვის მიკუთვნების“ საკითხი, რაც ასევე ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის ნაწილია.

უკანონო დაკავებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანექსიის გარდა, ეხება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცების ფაქტებს.

„2020 წლის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო დაკავების - 64, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 13 შემთხვევა იდენტიფიცირდა“, - ნათქვამია ანგარიშში.

საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ხანგრძლივი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ამ მხრივ, სუს-ი განსაკუთრებით აღნიშნავს, უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას საკითხებს.

„აღნიშნული პირების მიმართ საოკუპაციო რეჟიმმა გამოიყენა განსაკუთრებით უსამართლო და არაჰუმანური მიდგომა და მათ მრავალწლიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში რჩებიან გენადი ბესტაევი და ლაშა ხეთერელი. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა საქართველოს ათეულობით მოქალაქე“, - ნათქვამია ანგარიშში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG