Accessibility links

site logo site logo

კარლ ჰარცელი შეთანხმების ხელმოწერაზე: ემოციური მომენტია 6-თვიანი პროცესის შემდეგ


ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა 19 აპრილს „ღირსშესანიშნავი“ და „ემოციური“ დღე უწოდა, რადგან ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმებით დასრულდა.

„დღევანდელი დღე ღირსშესანიშნავია. ეს არის ემოციური მომენტი ჩემთვის, 4-თვიანი ფასილიტაციისა და 2-თვიანი მედიაციის შემდეგ, რომელიც მიმდინარეობდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ლიდერობით და მის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან თანამშრომლობით, რომელმაც ვერ შეძლო დღეს აქ ყოფნა.

შეთანხმების სახელწოდებაა -"სამომავლო გზა საქართველოსთვის" და მე გულწრფელად მჯერა, რომ ეს ასეც არის. შეთანხმების ხელმოწერა ამ ამბის დასასრული არ არის, მაგრამ ეს არის ახალი თავის დასაწყისი, რომ პარლამენტში დაიწყოს ერთობლივი მუშაობა, ამ შეთანხმებაში ასახული მიზნების შესაბამისად“ - განაცხადა ელჩმა ჰარცელმა.

მან მადლობა გადაუხადა პოლიტიკოსებს ჩართულობისთვის და მუშაობისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა შეთანხმების ხელმოწერა.

ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიების ნაწილი შეთანხმებას ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში. ცერემონიაში დისტანციურად მონაწილეობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.

19 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში მოვლენები სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოთქვა მზაობა „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მფლობელის, გიორგი რურუას შეწყალების შესახებ. შემდეგ, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ელჩები ცალკე შეხვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რის შემდეგაც გაიმართა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა.

ევროკავშირის წარმომადგენლობაში 20:30 საათზე დაიწყო ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების გაერთიანებული შეხვედრა, რის შემდეგაც შეხვედრის მონაწილეებმა შეთანხმებაზე ხელმოსაწერად პრეზიდენტის სასახლეში გადაინაცვლეს.

პოლიტიკური დიალოგის ბოლო ეტაპი ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების ჩართილობით მიმდინარეობდა. ამას წინ უსწრებდა 4-თვიანი ფასილიტაციისა და 2-თვიანი მედიაციის ორი უშედეგო რაუნდი, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი უძღვებოდა.

პოლიტიკურ პარტიებს 18 აპრილს წარედგინათ შარლ მიშელის მიერ შემუშავებული დოკუმენტის საბოლოო ვერსია, რომელიც მიუღებელი იყო ოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის და მათ შორის - „ნაციონალური მოძრაობისთვის“.

ყველაზე დიდი პარტიიდან, "ნაციონალური მოძრაობიდან" შეთანხმებას ხელი ინდივიდუალური წესით მოაწერა მხოლოდ სალომე სამადაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG