Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირი "სრულად უჭერს მხარს და სოლიდარულია" ჩეხეთისადმი, მოსკოვთან შექმნილი კონფლიქტის ფონზე


ევროკავშირი აცხადებს, რომ ის "სრულად უჭერს მხარს და სოლიდარულია" ჩეხეთის რესპუბლიკის მიმართ, პრაღასა და მოსკოვს შორის შექმნილი დიპლომატიური კონფლიქტის ფონზე. კონფლიქტი უკავშირდება ჩეხეთის განცხადებას, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტები, რომლებიც დაკავშირებული არიან 2018 წელს ბრიტანეთში სკრიპალების ნერვული აგენტით მოწამვლასთან, იდგნენ ჩეხეთში იარაღის დეპოში მანამდე მომხდარი აფეთქების უკან, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ჟოზეპ ბორელის პრესმდივანმა, პეტერ სტანომ შემდეგი განცხადება გაავრცელა:

"ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს და სოლიდარულია ჩეხეთის რესპუბლიკისადმი და გმობს რუსეთის პასუხს, 20 ჩეხი დიპლომატის გაძევებას. რუსეთის გადაწყვეტილება მოსდევს ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ 17 აპრილს გაკეთებულ განცხადებას რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომლის გაძევებაზე, რაც ემყარებოდა გონივრულ ეჭვს რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის (GRU) აგენტების მონაწილეობაზე აფეთქებაში, რომელიც მოხდა 2014 წელს, ქალაქ ვრბეტიცეში, ამუნიციის დეპოში და ჩეხეთის ორი მოქალაქე იმსხვერპლა. GRU-ს ეს აგენტები ასევე მონაწილეობდნენ სოლსბერიში სკრიპალების მკვლელობის მცელობაში, 2018 წელს.

ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მხრიდან ევროპაში სახიფათო, ზიანისმომტანი ქცევის ამ განმეორებითი ნეგატიური მოდელით. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ეს ქცევა, რომელიც არღვევს დამკვიდრებულ საერთაშორისო პრინციპებს და ნორმებს და საფრთხეს უქმნის ევროპის სტაბილურობას" - ვკითხულობთ განცხადებაში.

ერთი დღით ადრე რუსეთმა ქვეყნიდან გააძევა ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომელი, პასუხად ჩეხეთის ხელისუფლების მხრიდან დაზვერვის მუშაკებად იდენტიფიცირებული, 18 რუსი დიპლომატის გაძევებაზე. ორივე მხარემ 19 აპრილს სამთავრობო თვითმფრინავები გაგზავნა, დიპლომატების და მათი ოჯახების შინ დასაბრუნებლად.

"ვიშეგრადის ჯგუფის" სახელით ცნობილი ქვეყნების, პოლონეთის, ჩეხეთის, უნგრეთის და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმეს "ყველა მოქმედება, რომელიც მიმართულია საფრთხის შესაქმნელად სუვერენული სახელმწიფოებისთვის და მათი მოქალაქეებისთვის" - განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნდა 19 აპრილს.

მანამდე, ჩეხეთის პრემიერმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ რუსი დიპლომატების გაძევება დასაბუთებულია „არაორაზროვანი მტკიცებულებით“, რომელიც წარმოადგინეს ჩეხმა გამომძიებლებმა.

ბაბიშმა დაასახელა რუსეთის სამხედრო დაზვერვის 29155-ე ქვედანაყოფი, რომელიც დაკავშირებული იყო ევროპაში მოწყობილი თავდასხმების და მკვლელობის სერიასთან, მათ შორის, ყოფილი რუსი აგენტის, სკრიპალის, მოწამვლასთან ინგლისში. განადგურებული იარაღი და ამუნიცია, გავრცელებული ცნობებით, განკუთვნილი იყო უკრაინისთვის, რომელიც 2014 წლიდან ებრძვის რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს. ბულგარელი იარაღით მოვაჭრე, რომელიც ამ მორიგების ორგანიზატორი იყო, ასევ გახდა თავდასხმის სამიზნე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG