Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი 5-დღიანი კარანტინის გაუქმებას პროვოკაციად აფასებს


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ თბილისის პროვოკაციას და არ დაარღვიონ ე.წ. საზღვარი. ამის შესახებ განცხადებას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მიუღებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვლის შემთხვევაში, მოქალაქეებს 5-დღიანი კარანტინის გავლა აღარ უწევთ: „საქართველოს ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა შესთავაზა. გააუქმა მათთვის გათვალისწინებული სავალდებულო ხუთდღიანი კარანტინი. ასეთი „პრივილეგიების" მინიჭება უხეში პროვოკაციაა, რაც საფრთხეს უქმნის რესპუბლიკის მოსახლეობის უსაფრთხოებას", - აღნიშნულია დე ფაქტო უშიშროების განცხადებაში. ის მოქალაქეებს მოუწოდებს, გამყოფი ხაზის გადაკვეთამდე იფიქრონ შესაძლო შედეგებზე, კერძოდ, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაზე. ასევე, იმ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე არსებობს.

19 აპრილიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით შემოწმებას დაექვემდებარებიან; ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები კი მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში 3 292 ადამიანი დაინფიცირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG