Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში მსაჯულებმა ყოფილი პოლიციელი ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის საქმეში


დერეკ შოვინი
დერეკ შოვინი

მინეაპოლისის ყოფილი პოლიციელი, დერეკ შოვინი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს ჯორჯ ფლოიდის სიკვდილში.

12-მა მსაჯულმა 20 აპრილს შოვინი დამნაშავედ ცნო სამივე წაყენებულ ბრალდებაში. 45 წლის შოვინს ათწლეულების განმავლობაში ემუქრება პატიმრობა, როცა მას მოსამართლე განაჩენს გამოუტანს.

ჯორჯ ფლოიდი 2020 წლის 25 მაისს დაიღუპა, მაღაზიაში ყალბი 20-დოლარიანი კუპიურის გადახდის გამო მისი დაპატიმრების მცდელობისას. მისმა სიკვდილმა ბიძგი მისცა თვეების განმავლობაში გაგრძელებულ, ზოგჯერ ძალადობრივ საპროტესტო აქციებს საპოლიციო სისასტიკის და რასიზმის წინააღმდეგ. ფართოდ გავრცელდა დაპატიმრების ამსახველი ვიდეო, რომელზეც ჩანს, დაკავების მომენტში როგორ აჭერს თეთრკანიანი პოლიციელი, შოვინი, მუხლს 46 წლის შავკანიან კაცს, ჯორჯ ფლოიდს ცხრა წუთზე მეტი დროის განმავლობაში, რის შედეგადაც ფლოიდი კვდება.

ვერდიქტის გამოტანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, ვლოცულობ „სწორი ვერდიქტისთვისო“ იმ საქმეში, რომელიც, მისი თქმით, ფართოდ მიუთითებდა შოვინის დანაშაულზე.

მსაჯულების ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ ხელბორკილებიანი შოვინი საპატიმროში გადაიყვანეს, სასამართლო შენობის წინ კი აქცია გაიმართა ვერდიქტის მხარდასაჭერად.

მინეაპოლისსა და სხვა ქალაქებში დაძაბულობა იყო, ვინაიდან შიშობდნენ, რომ მსაჯულების მხრიდან შოვინის გამართლებას შარშანდელის მსგავსი მღელვარება მოჰყვებოდა - როცა მთელ ქვეყანაში მილიონობით ადამიანი გავიდა ქუჩებში, პროტესტის გამოხატვის მიზნით.

12 მსაჯული, რომელთა შორისაც შავკანიანი მოქალაქეებიც იყვნენ და თეთრკანიანებიც, თითქმის სამი კვირის განმავლობაში უსმენდა ჩვენებებს პროცესზე, რომელსაც საპოლიციო ანგარიშვალდებულების საკითხისთვის ერთგვარ გამოცდად მიიჩნევდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG