Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ასახელებს გიორგი რურუას შეწყალების სავარაუდო დროს


„მთავარიო არხის" მეწილის გიორგი რურუას შეწყალების საკითხზე ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. როგორც ცნობაშია აღნიშნული, პოლიტიკურმა პარტიებმა საჯაროდ მოაწერეს ხელი საბოლოო შეთანხმების დოკუმენტს და მათი შესვლა პარლამენტში 27 აპრილს პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

ადმინისტრაციის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ერთი კვირის ვადაში შესრულდება მეორე პირობაც, მაშასადამე იმ დღესვე გამოიცემა პრეზიდენტის შეწყალების აქტი!

რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. ადვოკატების პოზიციაა, რომ მას იარაღი პოლიციამ ჩაუდო, საქმე გაყალბებულია და არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. რურუას ოპოზიციური პარტიები პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მისი გათავისუფლება იყო საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ მმართველ პარტიაში, ისევე, როგორც გიორგი რურუას პოლიტპატიმრობას.

30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა გიორგი რურუას მიმართ და მას სასჯელის სახედ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს. ამასთანავე, ბრალდებულს კიდევ ერთი ბრალი ჰქონდა წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. მოსამართლემ მოცემულ ნაწილშიც ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG