Accessibility links

site logo site logo

განაჩენი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე - რა  შეიცვლება?


“ჯორჯ ფლოიდი ჩემსავით რომ გამოიყურებოდეს, დღეს ცოცხალი იქნებოდა. ეს უნდა შეიცვალოს”, - წერს ტვიტერში კალიფორნიის თეთრკანიანი გუბერნატორი გევინ ნიუსომი.

20 აპრილს ქალაქ მინეაპოლოსში 3-კვირიანი სასამართლო პროცესი დასრულდა - ნაფიცმა მსაჯულებმა ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი დამნაშავედ სცნეს 46 წლის შავკანიანი კაცის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში. “დღეს ჩვენ კვლავ შეგვიძლია სუნთქვა” - განუცხადა ჟურნალისტებს მისმა აცრემლებულმა ძმამ.

“ვერ ვსუნთქავ”

2020 წლის 25 მაისს მინეაპოლისის ერთ-ერთი პატარა მაღაზიის გამყიდველმა კრისტოფერ მარტინმა პოლიციას შეატყობინა, რომ ჯორჯ ფლოიდი ცდილობდა, სიგარეტი ყალბი 20-დოლარიანით ეყიდა.

დღეს მარტინი თავის საქციელს ნანობს. “კუპიურა უბრალოდ რომ არ მიმეღო, ეს შეიძლება არ მომხდარიყო” - განაცხადა მარტინმა სასამართლო მოსმენაზე.

შემთხვევის ადგილას მოსულმა სამართალდამცველებმა ფლოიდს ხელბორკილები დაადეს და მანქანაში ჩატენვა დაუპირეს. მან წინააღმდეგობის გაწევა სცადა. საპასუხოდ, პოლიციელმა დერეკ შოვინმა ასფალტზე დააგდო და კისერზე მუხლით დააწვა. “ვერ ვსუნთქავ” - იმეორებოდა ფლოიდი და ემუდარებოდა, გაჩერებულიყო. მაგრამ შოვინი 9 წუთზე მეტ ხანს არ გაჩერდა. მას კიდევ ორი პოლიციელი ეხმარებოდა. მესამე კი მათ გარშემო შეკრებილ მოქალაქეებს მოახლოვების საშუალებას არ აძლევდა.

Სასწრაფო დახმარების ექიმებს ჯორჯ ფლოიდი უგონოდ დახვდა. დაახლოებით ერთ საათში ის გარდაცვლილად გამოაცხადეს.

ივნისში ექსპერტიზამ დაადგინა - ფლოიდი ჟანგბადის უკმარისობით გარდაიცვალა. ამასთანავე, იგი ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა, რასაც თეორიულად შეიძლებოდა სუნთქვის გართულება გამოეწვია. სწორედ ეს გახდა დაცვის მხარის მთავარი არგუმენტი.

სისტემური ძალადობა და რასიზმი

ინციდენტის ამსახველი ვიდეო სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში, რასაც მოჰყვა სტიქიური საპროტესტო გამოსვლები ჯერ მინეაპოლისში, შემდეგ კი დანარჩენ ამერიკაში და შემდეგ ევროპის დედაქალაქებშიც. მილიონობით ადამიანი ითხოვდა სამართლიანობას და აპროტესტებდა, როგორც კერძოდ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას, ისე მთლიანად სისტემურ ძალადობასა და რასიზმს პოლიციის მხრიდან. ეს პრობლემები აშშ-ში ათწლეულებია, გადაუჭრელად რჩება.

2019 წელს აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ გამოქვეყნებული კვლევითი სტატიის მიხედვით, პოლიციელები განსაკუთრებით ერჩიან 20-დან 35 წლამდე შავკანიან მამაკაცებს. მათი გამოთვლებით, იმის ალბათობა, რომ შავკანიანი ადამიანი პოლიციელმა იმსხვერპლოს, ათასიდან ერთია.

“ვაშინგტონ პოსტის” მონაცემებით, 2015-2020 წლებში პოლიციელებმა 5 367 ადამიანი მოკლეს. 2885 მსხვერპლი თეთრი იყო, 1499 შავკანიანი, 1052 კი ლათინოამერიკელი. და მართალია, პოლიციელების ხელით უფრო მეტი თეთრკანიანი ადამიანია მოკლული, მაგრამ გამოცემა მიუთითებს, რომ შავკანიანები მოსახლეობის მხოლოდ 13%-ს შეადგენენ.

აშშ-ის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს ინფორმაციით კი, მხოლოდ 2015 წლიდან მოყოლებული, პოლიციელებმა სულ ცოტა 135 შეუიარაღებელი შავკანიანი კაცი და ქალი მოკლეს. მკვლელობების 75% თეთრკანიანმა პოლიციელებმა ჩაიდინეს.

რა იქნება შემდეგ?

სასამართლოს ვერდიქტს უკვე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მისი თქმით, ფლოიდის სიკვდილი “დღის შუქზე მომხდარი მკვლელობაა და მან მთელ სამყაროს თვალი აუხილა” სისტემურ რასიზმზე. ბაიდენმა დაამატა, რომ “ეს არ არის საკმარისი. აქ ვერ გავრჩერდებით. ჩვენ ნამდვილ ცვლილებას და რეფორმას მოვახდენთ. ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ ვალდებულები ვართ, მეტი გავაკეთოთ საიმისოდ, რათა შევამციროთ იმის ალბათობა, რომ მსგავსი ტრაგედიები კიდევ ოდესმე განმეორდება?

ფლოიდების ოჯახის ადვოკატმა, ბენ კრამპმა განაჩენს აშშ-ის ისტორიაში “გარდამტეხი მომენტი” უწოდა. სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზაციებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ პოლიციელებს დაკავების დროს ჩადენილი მკვლელობებისთვის იშვიათად ასამართლებენ, ამიტომაც პოლიციის რეფორმის მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ ვერდიქტი ამერიკის სამართლებრივ სისტემას შეცვლის.

“ვაშინგტონ პოსტის მონაცემებით”, 2021 წელს პოლიციელებმა უკვე 274 ადამიანი მოკლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG