Accessibility links

site logo site logo

ევროპარლამენტარები "მიშელის დოკუმენტის" ხელმოწერისკენ მოუწოდებენ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს


ევროპარლამენტის სამი დეპუტატი, რომელთა საქმიანობა საქართველოს საკითხებსაც მოიცავს, პოლიტიკურად დაბალანსებულს უწოდებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წინადადების საფუძველზე, 19 აპრილს, თბილისში ხელმოწერილ შეთანხმებას.

ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი მარინა კალიურანდი, მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე სვენ მიკსერი და დემოკრატიის მხარდაჭერის ჯგუფის წევრი ვიოლა ფონ კრამონი ერთობლივი განცხადებით მიესალმნენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მიერ შეთანხმების ხელმოწერას.

ევროპარლამენტრთა თანახმად, პოლიტიკურად დაბალანსებული წინადადება ცენტრში აყენებს საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებს და მოლოდინს, პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალია და ხელს შეუწყობს შემცირებას პოლიტიკური პოლარიზაციისა, რომელიც საკმაოდ დიდხანს წამლავდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას.

ევროპარლამენტარების განცხადებით, ეს წინადადება ახალი იმპულსია დემოკრატიის და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის, რაც შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. კალიურანდი, მიკსერი და ფონ კრამონი მოუწოდებენ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს და პარლამენტის ცალკეულ წევრებს, საქართველოს საკეთილდღეოდ ასეთივე გამბედაობა გამოიჩინონ, რათა პოლიტიკური კრიზისი სრულად და საბოლოოდ დასრულდეს.

ევროპარლამენტარებს იმედი აქვთ, რომ საქართველოს პარლამენტი უახლოეს ხანში დაიწყებს სრულფასოვან ფუნქციონირებას და საქმით უზრუნველყოფს შეთანხმების სრულად შესრულებას.

19 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" და პარლამენტის მანდატების მქონე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ცალკეულმა დეპუტატებმა ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომლის მიზანია საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისის დაძლევა პარლამენტში ოპოზიციის შესვლის და საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხების მოგვარებისა და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების გზით.​

შეთანხმებას ხელი არ მოაწერა "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელიც მოითხოვს პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან უპირობოდ გათავისუფლებას და არა გირაოს გადახდის, ან ამნისტიის საფუძველზე. პარტიის უარის მიუხედავად, შეთანხმებას ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს ბლოკის "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის" სიით არჩეულმა სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ და გრიგოლ ვაშაძემ.

შეთანხმების შინაარსი მიუღებელია პარტია "ევროპული საქართველოსთვის", თუმცა, შეთანხმებას ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს პარტიის საარჩევნო სიით არჩეულმა დავით ბაქრაძემ და არმაზ ახვლედიანმა.

დოკუმენტს ხელი არ მოაწერა "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრად არჩეულმა შალვა ნათელაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG