Accessibility links

site logo site logo

გიგა ბოკერია: ხელიდანაა გაშვებული შესაძლებლობა, შეთანხმება გამხდარიყო გარდატეხა კრიზისის განმუხტვის დასაწყებად


გიგა ბოკერია, "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მედიატორობით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერით ხელიდანაა გაშვებული მომენტი, როცა შეთანხმება შეიძლებოდა გამხდარიყო გარდატეხა პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ის გაუგებრობები, რომლებიც ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით გარკვევის პროცესშია, მიუთითებს იმას, რომ შეთანხმებაზე ხელმომწერმა პოლიტიკურმა პარტიებმა გადაწყვეტილება მინიმუმ ნაჩქარევად მიიღეს.

„მე სამწუხაროდ ვერ ვხედავ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების გარეშე გარდატეხის შესაძლებლობას ამ ქვეყნისთვის. მეტიც შემიძლია ვთქვა უფრო დრამატულად, პოლიტიკურად ამ ისტორიის ამ ფაზაში წარმატებით გადარჩენის შანსს ვერ ვხედავ. „ევროპული საქართველო“ აპირებს, რომ ყველა ლეგიტიმური მეთოდით იყოს ბრძოლის ავანგარდში, რომ თავისი როლი ითამაშოს იმ შედეგის მიღწევაშიც, რომელიც ეხლა ჩემთვის არის ძალიან არასაკმარისი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, ქვეყანაში არასახარბიელო ვითარებაა და საჭიროა ხელისუფლების წინააღმდეგ მშვიდობიანი ბრძოლის შემდეგ ეტაპზე გადასვლა:

„ჯამურად ორ საკვანძო საკითხთან მიმართებაში, რომელიც იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები ის, რაც ამ დოკუმენტმა მოგვცა არ პასუხობს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ამ მომენტში და ამიტომ არ დავუჭირეთ მხარი. სამწუხაროა რომ ახლა ვერ მოხდა ამ შესაძლებლობის გამოყენება და ამ შესაძლებლობის გამოყენებას სჭირდებოდა უფრო მყარი თანმიმდევრული პოზიცია ყველა საკვანძო მონაწილისგან...რაც მოხდა, მოხდა, სამწუხაროდ. ამის შემდეგ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად როგორც საპროტესტო აქციებისთვის, ისე ყველა იმ არჩევნებისთვის, რის მოპოვებასაც შევძლებთ და სადაც იმხელა უპირატესობას მოვიპოვებთ საზოგადოების, რომ ყველა არალეგიტიმური მეთოდის მიუხედავად, ივანიშვილის რეჟიმს მოუწევს შეგუება ძალაუფლების დათმობასთან“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ. „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველო“ აპირებს აქტიურ შეხვედრებს მხარდამჭერებთან და პოტენციურ მხარდამჭერებთან როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, რათა მათთან თავისი გზავნილები მიიტანოს:

„აუცილებელია რომ არ მოხდეს იმედგაცრუება დიდ ნაწილში საზოგადოების და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ეს ვერ მოხერხდა სამწუხაროდ ამ შეთანხმების შედეგად ამ ეტაპზე და უნდა მოვახერხოთ სხვანაირად. ყველაზე ცუდი ახლა არის ეს გაურკვევლობები, რომელიც ნაჩქარევად გადადგმულ ნაბიჯს მოჰყვება და შემდეგ უკანა რიცხვით ინტერპრეტაციები. ეს არ არის კარგი არასოდეს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ "დილის საუბრებში".

19 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" და პარლამენტის მანდატების მქონე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ცალკეულმა დეპუტატებმა ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომლის მიზანია საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისის დაძლევა პარლამენტში ოპოზიციის შესვლის და საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხების მოგვარებისა და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების გზით.

შეთანხმებას ხელი არ მოაწერა "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელიც მოითხოვს პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან უპირობოდ გათავისუფლებას და არა გირაოს გადახდის, ან ამნისტიის საფუძველზე. პარტიის უარის მიუხედავად, შეთანხმებას ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს ბლოკის "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის" სიით არჩეულმა სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ და გრიგოლ ვაშაძემ.

შეთანხმების შინაარსი მიუღებელია პარტია "ევროპული საქართველოსთვის", თუმცა, შეთანხმებას ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს პარტიის საარჩევნო სიით არჩეულმა დავით ბაქრაძემ და არმაზ ახვლედიანმა.

დოკუმენტს ხელი არ მოაწერა "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრად არჩეულმა შალვა ნათელაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG