Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქალთა მოძრაობა" და ქალთა ორგანიზაციები გმობენ გოგი წულაიას შესახებ ოპოზიციის განცხადებას


გოგი წულაია
გოგი წულაია

სქესობრივ ძალადობაში ბრალდებული პოლიტიკოსის გოგი წულაიას მიმართ პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერ განცხადებას გმობენ „ქალთა მოძრაობა" და ქალთა ორგანიზაციები. როგორც განცხადებაშია ნათქვამია, წულაია დაკავებულია სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების (სსკ 138-ე მუხლი) ბრალდებით.

„პარტიების მხარდამჭერი განცხადება გოგი წულაიას მიმართ არის უკიდურესად შემაშფოთებელი. განცხადებაში ნათქვამია, რომ „გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე", - ნათქვამია განცხადებაში.

„ქალთა მოძრაობა" და ქალთა ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ 138-ე მუხლი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს და ასეთი ქმედებისთვის, მოცემულ საქმეზე არსებული რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, პატიმრობის შეფარდება მიზანშეწონილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრალდებული არის გავლენიანი ფიგურა და შეუძლია ხელი შეუშალოს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, მათ შორის, დაზარალებულზე ზეწოლის გზით.

„პარტიები აღნიშნავენ, რომ „ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება,“ ეს ინფორმაცია არ დასტურდება სტატისტიკით (იხილეთ სასამართლოს განცხადება). პირველ რიგში, შეგახსენებთ, რომ სექსუალური ძალადობის შესახებ დაწყებული გამოძიებებისა და პასუხისგებაში მიცემულ პირთა რიცხვი ისედაც დაბალია ამ ქვეყანაში, მართლმსაჯულების სისტემა არ არის მგრძნობიარე და ორიენტირებული მსხვერპლის დაცვაზე და შეღავათიანი და მსუბუქი დამოკიდებულება სექსუალური მოძალადეების მიმართ ზოგადად არის პრობლემა. იმის მაგივრად, რომ პარტიები ითხოვდნენ სექსუალურ ძალადობაში მხილებული პირების მიმართ მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გატარებას, ისინი მოუწოდებენ მართლმსაჯულების სისტემას შეღავათი გაუწიოს პოლიტიკოს კაცს და ზოგადად შეინარჩუნოს ქვეყანამ არასერიოზული და ხელისშემწყობი დამოკიდებულება სექსუალური მოძალადეების მიმართ. ასეთი დამოკიდებულება აზიანებს ყველა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს და აქეზებს მოძალადეებს", - აცხადებენ განცხადების ავტორები.

„ქალთა მოძრაობა" და ქალთა ორგანიზაციები მოუწოდებენ:

  • პოლიტიკურ პარტიებს გაიწვიონ ხელმოწერები აღნიშნული განცხადებიდან;
  • მედიებს თავი შეიკავონ სექსუალური ძალადობის შემთხვევების „დანაშაულის პროვოცირებად“ შერაცხვისაგან.

განცხადებას ხელ ს აწერენ:

  • ქალთა მოძრაობა
  • საფარი
  • ქალები საქართველოდან
  • ქალები საერთო მომავლისთვის (WECF)

22 პოლიტიკური პარტია გოგი წულაიას მხარდამჭერ განცხადებაში მიუთითებს პოლიტიკურ ანგარიშსწორების შესახებ.

ისინი წულაიას დაპატიმრებას ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოხატულ პოზიციას უკავშირებენ.

„ამ განცხადებით არ ვაპირებთ ავტომატურად ეჭვქვეშ დავაყენოთ მომჩივანის მიერ გამოთქმული ბრალდებები, მაგრამ ის ფაქტი რომ პროკურატურის მოთხოვნით და მორჩილი სასამართლოს დასტურით, გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე", - აცხადებენ პოლიტიკური პარტიები.

პოლიტიკოსი გოგი წულაია ძალადობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს. მოგვიანებით მას ბრალდება დაუმძიმდა. საქართველოს პროკურატურამ ბრალი გოგი წულაიას 18 მარტს წარუდგინა. ბრალდება ითვალისწინებს ძალადობით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას (სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გოგი წულაია მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ის ამ დრომდე პატიმროებაში რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG