Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოჯახებს გადასცემენ აფხაზეთში, შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპულთა ნეშტებს


ფოტო არქივიდან: აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ნეშტები სამების ტაძარში. 2018 წლის 26 აპრილი.
ფოტო არქივიდან: აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ნეშტები სამების ტაძარში. 2018 წლის 26 აპრილი.

დღეს, თბილისში ოჯახებს გადასცემენ 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს აფხაზეთში დაღუპული 13 ადამიანის იდენტიფიცირებულ ნეშტს. 6 მათგანი სამხედრო იყო. ნეშტებს დაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში, სადაც 17:00 საათიდან დაიწყება სამოქალაქო პანაშვიდი.

შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციის მიხედვით, ოჯახების სურვილით, ცხრა ნეშტს დაკრძალავენ სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე, ხოლო ოთხს - სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე.

90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტების და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაკარგულთა მოძიება „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ ეგიდით მიმდინარეობს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 13 ქართველთან ერთად 1 აფხაზის ნეშტის ექსჰუმაცია 2017-2019 წლებში განხორციელდა სოხუმში, ოჩამჩირეში, გულრიფშსა და გაგრაში. ნეშტების ამოცნობის პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

„წითელი ჯვრის“ ეგიდით 2010 წლიდან მუშაობს ორი - ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საკოორდინაციო მექანიზმი. დღემდე მოძიებულია 583 ადამიანის ნეშტი. მათგან უკვე ამოცნობილია 206.

90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტების და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაკარგულად ითვლება 2 355 სამხედრო და სამოქალაქო პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG