Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბჟანიას სურს ენგურის გავლით ვაჭრობა "სახელმწიფოს და მოსახლეობის ინტერესებისკენ" მიმართოს


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ მის თანაშემწეებს საქართველოში არაფერი ესაქმებათ. ბჟანიამ ეს პასუხი გასცა რუსული სააგენტოს, „ტასის“ შეკითხვას, რომელიც ეხებოდა დღეს უკვე ყოფილი თანაშემწის ქართველ ინვესტორებთან მოლაპარაკებით აფხაზურ ოპოზიციაში გამოწვეულ პროტესტს. ასლან ბჟანიას თანახმად, „ხსენებული თანაშემწე საქართველოში გაემგზავრა, როცა თანაშემწე უკვე აღარ იყო“.

რუსული სააგენტოს შეკითხვას, იზიარებს თუ არა მოსაზრებას, რომ „საქართველოსთან საზღვარი“ მთლიანად უნდა დაიკეტოს, არანაირი მოლაპარაკება არ უნდა წარმოებდეს და ნებისმიერი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა უნდა აიკრძალოს, ასლან ბჟანიამ უპასუხა, რომ „სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ქართულ სახელმწიფოსთან, როგორც ასეთი, არ არსებობს“.

„ისინი ჩვენ არ გვაღიარებენ. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები სახელმწიფოთაშორისია მხოლოდ მაშინ, როცა სახელმწიფო აღიარებს შესაბამის ხელმოწერილ დოკუმენტებს“, - ამბობს ბჟანია „ტასთან“ ინტერვიუში.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, მდინარე ენგურზე გამავალი „სახელმწიფო საზღვრის“ გავლით ხალხი ჩადის (საქართველოში), ბრუნდება და ვაჭრობა მიდის:

„აუცილებელია, ეს ვაჭრობა ჩვენ გავაკონტროლოთ და მივმართოთ ჩვენი სახელმწიფოს და მოსახლეობის ინტერესების უზრუნველყოფისკენ. ხაზს ვუსვამ, საუბარი არ არის საქართველოსთან ვაჭრობაზე. თუ ამით დაინტერესებული არიან რუსეთი და სომხეთი - და როგორც მესმის, ისინი დაინტერესებული არიან - მაშინ ჩვენც დაინტერესებული ვართ, რომ აფხაზეთის გავლით ტვირთი ტრანზიტით გადიოდეს მესამე ქვეყნების გავლით. ეს არის ფულის შოვნის და ჩვენი მოქალაქეების დასაქმების შესაძლებლობა. ამ საკითხში რაციონალურად მოქმედება გვინდა“.

XS
SM
MD
LG