Accessibility links

site logo site logo

ასლან ბჟანიას საგარეო მისწრაფებები: მორიგი სიგნალი თბილისს


ასლან ბჟანია, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი

პირველი: რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის გამყარება; მეორე: საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება - ასე ნაწილდება აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერის პრიორიტეტები საგარეო პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტში. ასლან ბჟანია, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტად მარტში აირჩიეს, ზეპირი განცხადებების შემდეგ, ახლა წერილობით გამოთქვამს მზაობას სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგის დამატებითი ფორმატების შექმნაზე, რითიც მორიგ სიგნალს უგზავნის თბილისს.

4 დეკემბერს დამტკიცებული კონცეფცია ძირითადი პოლიტიკური დოკუმენტია, რომელიც ასახავს ასლან ბჟანიას ხედვას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებებთან დაკავშირებით. უპირველესი პრიორიტეტი ბჟანიასთვის რუსეთთან მოკავშირეობრივი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების გამყარება და განვითარებაა, რაც გულისხმობს:

  • რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობას კავკასიის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ამაღლებისთვის;
  • რუსეთთან ერთად საქართველოსთან საზღვრის დაცვას;
  • რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას უსაფრთხოების ასამაღლებლად და თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის შექმნას;
  • რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაღრმავებას;
  • ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებსა და რუსეთის სამხრეთ რეგიონებთან კონტაქტების გამყარებას.

ბჟანია იშველიებს რუსეთის ფედერაციასთან გაფორმებულ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, როგორებიცაა 2008 წლის 17 სექტემბრის შეთანხმება „მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“ და 2014 წლის 24 ნოემბრის ხელშეკრულება „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“.

დე ფაქტო პრეზიდენტი არ ახსენებს 2020 წლის 12 ნოემბრის პროექტს „ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ“, რომელიც ბევრმა რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმულ დიდ ნაბიჯად აღიქვა.

ახალი ფორმატი დიალოგისთვის?

აფხაზეთისთვის ნომერ მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, ასლან ბჟანიას აზრით, თბილისთან ურთიერთობის „დარეგულირება“ და „ნორმალიზებაა“, რაც დე ფაქტო პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მისი თამამი რიტორიკის გაგრძელებაა. აქამდე აფხაზური მხარე დიალოგის სურვილს საჯაროდ არ გამოხატავდა, ამას აფხაზურ საზოგადოებაშიც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

დოკუმენტის თანახმად:

  • ისევ არსებობს საფრთხე შეიარაღებული დაპირისპირების განახლებისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ხელყოფის;
  • აფხაზეთი დაინტერესებულია თანასწორი, კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებით საქართველოსთან;
  • წარსულის ნეგატიური გამოცდილების გადაულახავად, შეუძლებელია ურთიერთობის ნორმალიზაცია;
  • ნორმალიზაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გახდეს დოკუმენტი, რომელიც დააფიქსირებს მხარეებს შორის საბრძოლო მოქმედებების არგანახლების განზრახვას;
  • აფხაზეთი განაგრძობს საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების დაჟინებით მოთხოვნას.

ექსპერტები, რომელთაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ამბობენ, რომ ქართული მხარისთვის ყველაზე საყურადღებო, რაც ბჟანიას კონცეფციაში წერია, არის პუნქტი დიალოგის ახალი ფორმატის შესაძლებლობაზე:

„აფხაზეთი უშვებს შესაძლებლობას, შეიქმნას პირობები მრავალდონიანი მოლაპარაკებების ფორმატის შექმნისთვის საქართველოსა და აფხაზეთს შორის, რომლის ფარგლებშიც ქართულ მხარესთან ერთად განიხილება საკითხები, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს, რომელთა მოგვარება ვერ ხერხდება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში“.


კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილის აზრით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი რომ არა, ასლან ბჟანიას კონცეფციაში გაცილებით მეტი ეწერებოდა კონკრეტულ საკითხებზე, რომლებზეც თბილისმა და სოხუმმა უნდა ისაუბრონ.

„ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობები, ასევე, სხვადასხვა ფორმით თქმულა, რომ გალში ადამიანის უფლებები უნდა გაუმჯობესდეს; ენგურჰესის გარშემო თანამშრომლობა უნდა იყოს; ენგურის გასწვრივ შავი ეკონომიკა შედარებით უფრო გამჭვირვალე და ლეგალური უნდა იყოს და ა.შ. ბევრად უფრო მეტი რამ თქმულა, ვიდრე ამ ტექსტში მოხვდა“, - ეუბნება კანაშვილი რადიო თავისუფლებას.

გიორგი კანაშვილი
გიორგი კანაშვილი

მისივე თქმით, ტექსტში გარკვეული უკან დახევაც არის, რადგან სულ რამდენიმე თვის წინ ასლან ბჟანია საუბრობდა ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გვერდზე გადადებაზე, რადგან ქართული მხარე ამაზე არ თანხმდება.

„ამ პოზიციას დაუბრუნდნენ ალბათ ორი მოვლენის გამო - ყარაბაღი და ის, რომ აქედან არაფერი არ თქმულა საპასუხოდ“, - ამბობს კანაშვილი.

თბილისი პასიურობს?

მოლაპარაკებებთან დაკავშირებით აფხაზური მხარის გახსნილობაზე თავად ქართული მხარის შემხვედრ ნაბიჯებს ვერ ხედავს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

„სამწუხაროა, რომ პასუხი ქართული მხარისგან არ ყოფილა ნათელი და გასაგები. შეიძლება ითქვას, რომ ეს მომენტი ქართულმა მხარემ გაუშვა, რომ თავიდანვე ყოფილიყო აქტიური დიალოგი სხვადასხვა ფორმატში“, - ეუბნება ნანუაშვილი რადიო თავისუფლებას.

მისივე აზრით, ქართულმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს და წაახალისოს ახალი სივრცეების გაჩენა, სადაც ქართველები და აფხაზები ისაუბრებენ და გარკვეულ საკითხებს მოაგვარებენ.

„ქართული მხარიდან არაფერი განსაკუთრებული არ თქმულა უკვე თვეებია“, - ამბობს გიორგი კანაშვილი და განაგრძობს: „იყო განცდა, რომ არჩევნების დასრულებამდე არც არაფერი ითქმებოდა. არჩევნები და პოლიტიკური კრიზისიც გაიწელა და არა მგონია, რომ თბილისმა რამე საგნობრივი განაცხადოს უახლოეს მომავალში“.

აფხაზეთი-ევროკავშირი

საკუთარ საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში ასლან ბჟანია, ასევე, ხაზს უსვამს ურთიერთობის განვითარებას იმ ქვეყნებთან, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. ესენია: სირია, ვენესუელა, ნიკარაგუა, ვანუატუ, ნაურუ, ტუვალუ, დნესტრისპირეთის დე ფაქტო რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა.

თანამშრომლობის დამყარება სურს ბჟანიას დსთ-ისა და „ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოების“ წევრ ქვეყნებთან, ასევე, თურქეთთან, ქვეყანაში მცხოვრები აფხაზური დიასპორიდან გამომდინარე.

ასლან ბჟანია, ასევე, დაინტერესებულია ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობის დამყარებითა და განვითარებით - ნებისმიერი მიმართულებით:

„პირველ რიგში, საუბარია გადაადგილების თავისუფლებაზე, ხელმისაწვდომობაზე ევროპულ განათლებაზე, სამედიცინო დახმარებასა და კულტურულ-ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე“.


ევროკავშირთან ურთიერთობის პუნქტი, ასლან ბჟანიას პრიორიტეტებში, ბოლოდან მესამე ადგილს იკავებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG